"ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები - პროექტის მიხედვით სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეოკამერების დამონტაჟება სავალდებულო გახდება.
შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროები მანდატურის სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშრებით დღეს იმსჯელებენ.
ცნობილია, რომ სკოლების ვიდეოკამერებით აღჭურვის პროცესი ეტაპობრივად წარიმართება და ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლას მოიცავს.
„კიდევ უფრო გაიზრდება კოორდინაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის. კერძოდ, სკოლაში რიკს-ჯგუფების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირებისა და სკოლის გარეთ დანაშაულის პრევენციის მიზნით, მოხდება სამინისტროებს შორის სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის გაცვლა“,- აღნიშნულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტში.
ასევე ცვლილებების თანახმად:
„მანდატურის სამსახური ხდება გაცილებით დამოუკიდებელი და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე – მანდატური თანამდებობაზე დაინიშნება არა სკოლის დირექტორის, არამედ მანდატურის სამსახურის უფროსის მიერ, რაც მანდატურის დამოუკიდებლობის ხარისხს გაზრდის. მანდატურის სამსახურის უფროსს, თავის მხრივ, თანამდებობაზე ნიშნავს განათლების მინისტრი;
თუ დღეს მოქმედი კანონმდებლობით მანდატური შეიძლება გახდეს ზოგადი განათლების მქონე პირი, ცვლილების შემდეგ მანდატურად დაინიშნება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი“,- აღნიშნულია პროექტში.
მასალის გამოყენების პირობები






