ეს ადგილი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც გრიგოლ ლილუაშვილმა, რომელიც ხონისა და ვანის მაჟორიტარი იყო, სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტი დაიკავა. შესაბამისად, ამ ოლქში უნდა ჩატარდეს შუალედური არჩევნები აპრილის ბოლოს და სწორედ ამ ოლქში მაჟორიტარობისთვის გიგი უგულავა იბრძოლებს.
„ჩვენ ვხედავთ გაჩერებულ ქვეყანას, ეკონომიკას, რომელიც სულს ღაფავს, გაზრდილ კრიმინალს, რომელსაც სახელმწიფო ვეღარ უმკლავდება, ვხედავთ თვითკმაყოფილ სახეებს ხელისუფლებაში და გაღატაკებულ სახეებს ქუჩაში. სახელმწიფო აგებს ომს სიღარიბესთან, უმუშევრობასთან, კრიმინალთან. ჩვენ ვაგებთ და ვკარგავთ რწმენას საკუთარი თავის და ქვეყნის პერსპექტივის. ამიტომ მივიღე მე ეს გამოწვევა. ხონსა და ვანს აქვს პრივილეგია, იყოს ცვლილებების მედროშე და ავანგარდი,“ - განაცხადა გიგი უგულავამ და მისი კანდიდატის გარშემო ოპოზიციას თანამშრომლობა შესთავაზა.
„თუკი ვიქნებით კონსოლიდირებული, 2018 დიდი შემობრუნების და იმედის წლად შეიძლება ვაქციოთ. მე მინდა შევთავაზო თანამშრომლობა სხვა ოპოზიციურ პარტიებს,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.
75-კაციანი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ოპოზიციურმა პარტიამ დღევანდელ რიგგარეშე ყრილობაზე აირჩია და მისი თავმჯდომარე გიგა ბოკერია იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






