არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, მმართველ პარტიას საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პრობლემების გაცნობისკენ მოუწოდებს.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საზოგადოების და არა რომელიმე პარტიის ან ბორდის, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქე დაინტერესდეს ამ საკითხებით, რადგანაც მათი გადასახადებიდან იღებენ ის ადამიანები, რომლებიც მუშაობენ საზოგადოებრივ მაუწყებელში ხელფასს,“ - განაცხადა გიგაურმა.
საკოორდინაციო საბჭოში შედიან მწერლებიც, ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას ითხოვენ.„ყველანი ვამბობთ , რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩვენია, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ არ ვიცით რამდენს ვიხდით ფულს, არ ვიცით სინამდვილეში რა კორუფცია და რა უბედურებები ტრიალებს საზმაუში, დაწყებული ძალიან კონკრეტული რაღაცეებით და დამთავრებული გლობალური პრობლემებით. ბოიკოტის რეჟიმზე ვლაპარაკობთ და ბოიკოტი არაა, როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელს 3%-იანი რეიტინგი აქვს? მთელ მოსახლეობას ბოიკოტი აქვს გამოცხადებული საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის. პლუს ამას ეს ადამიანები აგრძელებენ მორალური დანაშაულის ჩადენას და ამ დანაშაულის თანამონაწილეა ხელისუფლებაც, რომელმაც ეს ხალხი დანიშნა იქ. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ გავაფართოვოთ ეს პროცესი და ძალიან ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება.“- განაცხადა ლაშა ბუღაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მწერლებთან ერთად საზოგადოებრივ მაუწყებლის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ მედიის წარმომადგენლებსაც, მათი თქმით სახელმწიფო აუდიტის ანგარიშმა დაადასტურა ის ეჭვები, რომ საზოგადებრივ მაუწყებელში ფინანსური გადაცდომებია.
მასალის გამოყენების პირობები






