ანალოგიური აზრი ჰქონდა და აქვს ქართველი ექსპერტების აბსოლუტურ უმრავლესობასაც (ეს იდეა მხოლოდ სპეციალისტების იმ ნაწილს მოწონს, რომლებიც „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ ჰყავდა დაქირავებული ან მასთან დაახლოებულები არიან).
ამის მიუხედავადაც, მაგალითად, თბილისის საკრებულოს წევრები იწონებენ გენგეგმის პროექტს. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ გენგეგმის პროექტი ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, ეს მოწონება, უდიდესი ალბათობით, სუბიექტურადაა მოტივირებული და ოპოზიცია უბრალოდ მხარს უჭერს „სითი ინსტიტუტ საქართველოს“, უფრო ზუსტად, იმ ჯგუფებს, რომელთა ინტერესები, როგორც ჩანს, სრულად გაითვალისწინა „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“ დედაქალაქისა და, სხვათა შორის, სახელმწიფო ინტერესის ხარჯზეც.
კახი კალაძემ გენგეგმის პროექტის განხილვა-შეფასებაში საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები ჩართო, იმ პირობით, რომ, თუ ისინი მოიწონებენ პროექტს, საკრებულო განიხილავს და დაამტკიცებს მას, თუმცა, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“ დებატების გამართვას მოითხოვს. ეს მაშინ, როდესაც გენგეგმის პროექტის წარმოდგენილი სახით განხილვას პოლიტიკოსები ვერ შეძლებენ, თუ მათ სპეციალისტები არ დაეხმარნენ.
ვერ შეძლებენ, რადგან, წესით, გენგეგმის პროექტი არის ძველი გენგეგმის განახლებული ვარიანტი (ოფიციალურად სწორედ მოქმედი გენგეგმის განახლებაზე ჩატარდა კონკურსი), მაგრამ გენგეგმის პროექტი ისეთი ფორმითაა დაწერილი (იმას გარდა, რომ მოცულობითია – 1 000 გვერდზე მეტია ტექსტობრივი ნაწილი), რომ იმის გარჩევა, რა განახლდა ან რა არ განახლდა, ანუ იგივე დარჩა გამორიცხულია.
დოკუმენტს მხოლოდ სპეციალისტები თუ შეამოწმებენ, შემდეგ თავიანთ შეხედულებებს გააცნობენ პოლიტიკოსებს, პოლიტიკოსები კი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუკი ენდობიან სპეციალისტებს.
ხოლო, რადგან გენგეგმის პროექტი უნდა შეისწავლონ და შეამოწმონ ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ დაქირავებულმა და ადგილობრივმა ექსპერტებმა და პროცესი მიდის, „ნაციონალური მოძრაობა“ კი მანამდე ითხოვს დებატებს (სხვათა შორის, იმ გენგეგმის პროექტისა, რომელიც ჯერ არ დასრულებულა ბოლომდე, ჩასწორებებისთვის დამატებით 45-დღიანი ვადა მიეცა „სითი ინსტიტუტ საქართველოს“), იბადება კითხვა: სად ეჩქარებათ და რატომ არიან დაინტერესებულები „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მხარდაჭერით და გენგეგმის, მაინცდამაინც, ამ ფორმით მიღებით?!
კითხვა არა მხოლოდ რიტორიკული, არამედ საბედისწეროცაა: გენგეგმის პროექტის მიერ შემოთავაზებული რკინიგზის გადატანის იდეა (რომელიც, სხვათა შორის, წინა ხელისუფლების დროიდანაა აქტუალური), ჯერ ერთი, სცილდება დედაქალაქის გენგეგმისა და, შესაბამისად, დედაქალაქის ხელმძღვანელობის კომპეტენციას (ეს ცენტრალური ხელისუფლების გადასაწყვეტი საკითხია) და, რაც მთავარია, დარტყმას აყენებს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, უსაფრთხოებას.
ამ დროს კი ოპოზიცია, რატომღაც, დაინტერესებულია, რომ გენგეგმის პროექტი დამტკიცდეს სწორედ „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ მიერ შემუშავებული ფორმით და ძალისხმევას არ იშურებს ამისთვის.
არაადეკვატური „დასაბუთება”
ახლა კი ისევ ბრიტანელი ექსპერტის დასკვნას დავუბრუნდეთ: ჯონ ბეროუზი თუმცა ბრიტანელია, მაგრამ გაცილებით ხისტი და ემოციურია თავის უარყოფით შეფასებებში, ვიდრე ფრანგი ექსპერტი ერიკ ჰიუბრეხტი, მიუხედავად იმისა, რომ ორივე უმოწყალოდ იწუნებს გენგეგმის პროექტს.
დედაქალაქიდან მთავარი სარკინიგზო ლიანდაგის აღება უმნიშვნელოვანესი საკითხია მიწათსარგებლობის გეგმისთვის და ამას მოწმობს დებულების შესაბამისი თავის პირველი წინადადება. კერძოდ, „სითი ინსტიტუტი საქართველო“ თავის დებულებაში გვამცნობს: „შეიძლება, ითქვას, რომ მომავალი გენერალური გეგმის არსი და ურბანული განვითარების უდიდესი მეგაპროექტი იქნება არსებული რკინიგზის გადატანა ქალაქიდან.“
ჯონ ბეროუზი (ისევე, როგორც პირადად მეც და სხვა ქართველი ექსპერტები) შენიშნავს (ციტატა საექსპერტო დასკვნიდან): „გენგეგმის უდიდესი მეგაპროექტი“, რაც გულისხმობს მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის გადატანას, წარმოდგენილა მხოლოდ ერთ გვერდზე და აღწერილია 300 ზე ნაკლები სიტყვით გეგმის განაცხადში, ხოლო თვითონ ფაქტობრივი დასაბუთება 10 პუნქტისგან შედგება, რომლებიც სულ 86 სიტყვაა. ეს 86 სიტყვა კი არ არის მთავარი მოსაზრებების შეჯამება, ეს პუნქტების ძირითადი ტექსტია. დასაბუთების დონე უბრალოდ არ არის ადეკვატური წინადადებისთვის“.
კერძოდ, „სითი ინსტიტუტი საქართველო“ თავის მიერ წარმოდგენილ გენგეგმის პროექტში რკინიგზის ლიანდაგის აღებას „ასაბუთებს“ შემდეგნაირად (როგორც ექსპერტი ბუროუზი მიიჩნევს, არც მეტი, არც ნაკლები - არაადეკვატურად):
„1. ქალაქის მნიშვნელოვანი უბნების შესაძლო განვითარება;
2. ტრანსპორტის მოძრაობის შემცირება ქალაქის ცენტრში;
3. ქალაქის გაერთიანება, ურთიერთგადამკვეთი კავშირების გამარტივება;
4. მიწის და უძრავი ქონების ფასების ზრდა;
5. ეკოლოგიური და გარემო პირობების გაუმჯობესება;
6. ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნა რკინიგზის გარშემო უბნებზე;
7. საზოგადოებრივი სარკინიგზო ტრანსპორტის გააქტიურება არსებულ
ლიანდაგებზე;
8. ახალი რეკრეაციული ზონების ფორმირება - „მწვანე მდინარე“
9. ქალაქის პოლიცენტრული განვითარების სტიმულირება და ახალი ცენტრების
ფორმირება;
10. ადგილობრივ ცენტრებთან ქალაქის და ტრანსპორტის მოქნილი კავშირები და
დადებითი გავლენა გენერალური გეგმის ფაქტიურად ყველა თემატურ
მიმართულებაზე.“
ბრიტანელის შეფასებით, ზემოჩამოთვლილი არა მარტო „სუსტი არგუმენტებია“, რომლებიც ვერ გვარწმუნებს, არამედ ისინი არასწორიცაა და უმეტეს შემთხვევაში უარყოფით შედეგს გამოიღებს.
გენგეგმის პროექტში ქალაქის ცენტრიდან სარკინიგზო ლიანდაგის აღების შესახებ ანალიზი, რატომღაც, მოცემულია, როგორც „სატვირთო მატარებლების“ მოძრაობის ქალაქიდან გადატანა. არადა, ექსპერტ ბეროუზის აზრით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ისეთ სარგებელთა ჩამონათვალს გვთავაზობს, რომლებიც არადამაჯერებელია სამგზავრო მატარებლების გასაყვანად და ლიანდაგების ასაღებად.
უფრო მეტიც, ბრიტანელი ექსპერტის შენიშნავს, რომ (მომყავს ციტატა): „ქალაქის ცენტრიდან სარკინიგზო ლიანდაგების აღების წინადადება და მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოშლა არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებში, ყველაზე გასაოცარი წინადადებაა რკინიგზის და სარკინიგზო კავშირების მზარდი მნიშვნელობის ფონზე მსოფლიოს მთავარ ურბანულ დასახლებებში.“
ბრიტანელი ექსპერტის, როგორც თავად წერს, დიდ შეშფოთებას იწვევს ის, რომ არ არსებობს თბილისის ცენტრში სარკინიგზო ლიანდაგების აღების შესახებ წინადადების შეფასება (ქალაქის მასშტაბით ტრანსპორტის, მიწათსარგებლობის და ეკონომიკური თვალსაზრისით), რომელიც გაცემული იქნებოდა დაგეგმარების და ტრანსპორტის აღიარებული კონსულტანტის მიერ, რომელიც მოთხოვნის საფუძველზე მოამზადებდა წინადადების დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასებას და რეკომენდაციას მიწოდება ქალაქის და ქვეყნის მთავრობას ამ სტრატეგიულ საკითხთან დაკავშირებით ადეკვატური მიდგომის შერჩევის შესახებ.
ეს არცაა გასაკვირი, რადგან გენგეგმის პროექტი საერთოდ არ ეფუძნება კვლევებს და არ არის დასაბუთებული არც ერთი ის ღონისძიება, რომლებსაც „სითი ინსტიტუტი საქართველო“ სთავაზობს მერიას გენგეგმის პროექტში. მეტიც, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ კვლევების ჩატარება მათ არ ევალებოდათ (დაფინანსება ამის საშუალებას არ იძლეოდაო) და არც გადაწყვეტილებების დასაბუთება.
სხვაგვარად ფიქრობს ბრიტანელი ექსპერტი: მისი აზრით, სპეციალისტებს უნდა წარმოედგინათ სრული ანალიზი, შეეფასებინათ ხარჯთსარგებლიანობა, ასევე, ინფორმაცია ლიანდაგების აღებით მოსალოდნელ უარყოფით შედეგებზე. მეტიც, ბრიტანელი ექსპერტი ეჭვქვეშ აყენებს გენგეგმის პროექტში უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობას ან უფრო მეტიც, რომ სპეციალისტებმა კვლევა იმიტომ არ ჩაატარეს და არ დაასაბუთეს ლიანდაგების აღების გადაწყვეტილება, რომ უბრალოდ ამ მოსაზრებას არ დაეთანხმნენ.
ეს მხოლოდ ერთი მონაკვეთია ჯონ ბეროუზის 140-გვერდიანი დასკვნის და, ვფიქრობ, როდესაც უცხოელი ექსპერტი, თანაც – ბრიტანელი, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე უწოდებს თბილისის ვაგზლის გადატანის, სატვირთო კომპონენტის გამიჯნვის და ლიანდაგების აღების გადაწყვეტილებას არაადეკვატურს, პრობლემა გაცილებით მძიმეა.
და კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას ის, რომ ამ დედაქალაქისთვის დამანგრეველ გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ (გენგეგმის პრეოქტის ავტორ კომპანია „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ ვინ ჩივის) პოლიტიკოსები, ოპოზიციის სახით.
მიხეილ ბოლქვაძე
მასალის გამოყენების პირობები






