„მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს,“ - ნათქვამია ქართულ ვიკიპედიაში.
პირველ ეტაპზე ოფიციალური სტრუქტურები ყურს უყრუებდნენ და ამიტომაც, ხალხი პარაზიტთან გამკლავებას საკუთარი ძალებით ცდილობდა. მოსახლეობის ინიციატივითე, კამპანია „სტოპ ფაროსანაც“ დაიწყო.
„ამ დილით ნახევარი ტომარა ფაროსანა დავწვით. ყოველ დილით გვიწევს მწერის მოგროვება და განადგურება, მაგრამ ყოველდღიურად იზრდება მისი რაოდენობა. მწერი კარსა თუ ფანჯრიდან უკვე ოთახებში ძვრება და არ ვიცით, როგორ მოვიგერიოთ?!“ - ამბობდა ჟურნალისტებთან საუბრისას გურიისა და სამეგრელოს მოსახლეობა.
ამასობაში, ცნობილი გახდა, რომ ფაროსანამ სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგს აურაცხელი ზიანი მიაყენა. ასე, მაგალითად, 2017 წლის იანვრიდან აგვისტომდე ქართლი თხილის ექსპორტი 60 პროცენტით შემცირდა, რის მიზეზადაც აზიური ფაროსანას ეპიდემიური გავრცელება დასახელდა.
2017 წელს, აზიური ფაროსანასგან დაზარალებულები ზუგდიში აქციას მართავენ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.
„ხალხი ზარალის ანაზღაურებას და კომპენსაციას ითხოვს, რადგან თვლის, რომ ხელისუფლებამ მავნებელთან საბრძოლველად სათანადო ზომები არ მიიღო და ბაღების შეწამვლა დაგვიანებით დაიწყო. „უკმაყოფილოები ვართ. პირდაპირ გვითხრეს, ბიუჯეტში ფული არაა და ვერ დაგეხმარებით, მხოლოდ შეწამვლას გავაგრძელებთო,“ - ციტირებდა აქციის მონაწილეთა სიტყვებს მაშინდელი ინტერნეტმედია.
თავდაპირველად, ხელისუფლება დუმდა. ამასობაში კი, აზიური ფაროსანა თბილისშიც გამოჩნდა. მეტიც, 2017 წლის ოქტომბერში, ჟურნალისტებმა პარაზიტი მთავრობის კანცელარიაში დააფიქსირეს - ფაროსანა იმ ტრიბუნაზე დასეირნობდა, სადაც მინისტრებს პრესკონფერენცია უნდა გაემართათ.
ნათქვამია, გზა მერე გამოჩნდება, ურემი რომ გადაბრუნდებაო. ჰოდა, სამთავრობო ელიტასაც, როგორც ჩანს, სწორედ ასე დაემართა, ანუ მას შემდეგ, რაც „ცუანა“ კანცელარიას მიადგა, ხელისუფლებამ ნება იბოძა და ხალხს ამცნო, გულხელდაკრეფილი ნამდვილად არ ვზივარ და აი, ბატონო, ჯერ კიდევ 2017 წლის 24 მარტს გამოიცა საქართველოს მთავრობის განკარგულება, რომლის თანახმადაც, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 7 574 400 ლარი გამოეყო, თხილის ფართობების დამუშავებისთვის საჭირო მუშახელის შრომის ანაზღაურებისთვის კი სურსათის ეროვნულ სააგენტოს 4 854 400 ლარი გადაერიცხაო. მთავრობამ ისიც განმარტა, რომ მოსახლეობას ჰექტარ-ნახევარს სახელმწიფო საკუთარი სახსრებით შეუწამლავდა, 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი პრეპარატი უფასოდ გადაეცემოდათ.
პარალელურად, ითქვა, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის გადაწყვეტილებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, მავნებლის განადგურების მეთოდებზე მუშაობაში აქტიურად სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ჩაერთვებოდა, სამეცნიერო-საკონსულტაციო ჯგუფიც შეიქმნებოდა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანასეულში, ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკის ცენტრში ბიოლოგიური ლაბორატორია მოეწყობოდა.
2017 წლის მიწურულს ცნობილი გახდა, რომ 2018 წელს, სოფლის მეურნეობის სამინისტრო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად 14 მილიონ ლარს დახარჯავს, თუმცა სპეციალისტები „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამას“ კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ და ამბობენ, რომ პროგრამის უმთავრესი ნაკლი არაკონკრეტულობა და მიზნის შეფარდებითი დადგენაა. ამასთან, გაუგებარია, თუ რატომ არ ჩართეს პროგრამაში ქართველი მეცნიერები მაშინ, როცა არსებული ინფორმაციით, ქართველმა სპეციალისტებმა ფაროსანასთან საბრძოლველად ბიოლოგიურად სუფთა, ადამიანისა და გარემოსთვის უსაფრთხო პრეპარატი შექმნეს.
ცნობისთვის: სახელმწიფო ფაროსანაზე გამარჯვებას თურქეთიდან შემოტანილი „ბიფენტრინის“ ჯგუფის გაურკვეველი შინაარსის პრეპარატით ცდილობს. სპეციალისტების თქმით, ეს ტოქსიკური პრეპარატია, რომელიც დიდ ზიანს მხოლოდ ჩვენს სოფლის მეურნეობას კი არა, არამედ, მოსახლეობის ჯანმრთელობასაც მიაყენებს.
ყველაფერ აქედან ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ფაროსანასთან ბრძლის სახელმწიფო პროგრამით ცალეკული ადამიანები ხელს ითბობენ, ანუ საქმეში ჩხედულნი არ გამორიცხავენ, რომ ადგილი გარკვეულ კორუფციულ გარიგებებსა და „ატკატებს“ ჰქონდეს.
„ძნელია გაანალიზო პროგრამით გათვალისწინებული პრეპარატების ხარჯები. „ბიფენტრინის“ ფასი, ერთ ლიტრზე 20-35 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს, „ინსექტიციდ ბიფეტრინი“ ერთ ლიტრზე 1-3 აშშ დოლარის ფარგლებში, კონცენტრაციის მიხედვით, ზეთოვანი ინსექტიციდები 20-45 აშშ დოლარის ფარგლებში. ამიტომ თუ ზუსტად არ არის მოცემული, რა, როგორი, ვისი წარმოების, რა შემადგენლობის, ვისგან - ძნელია, დაადგინო პროგრამის ბიუჯეტის გაანგარიშების სისწორე.
ერთი სიტყვით: პროგრამის ბიუჯეტს აკლია დასაბუთება და განმარტებითი ნაწილი.
ფაროსანასთან ბრძოლის საქმეში საერთაშორისო გამოცდილების გაცნობის დროს მეცნიერულად საჭიროა ყველა არსებულის შესწავლა, ხოლო პრეპარატებთან დაკავშირებით უპრიანია, კარგად დაფიქრება, რომ ადამიანები მატერიალურის გარდა, ჯამრთელობის თვალსაზრისითაც არ დავაზარალოთ - არ მოხდეს გამოუსწორებელი შეცდომა. ამიტომ პრეპარატები უნდა ვიყოდოთ ხარისხიანი! ამისათვის პროგრამის განხორციელება უნსა მოხდეს საჯაროობის სრული დაცვითა და საზოგადოების, უპირველეს ყოვლისა, მეცნიერების ჩართულობით.
ამ ფონზე გასაკვირია, რომ პროგრამაში განხორციელებაში ჩართულ მხარეებში „გამორჩენილია“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია!“, - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აგროეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი პაატა კოღუაშვილი და ბიოფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი არჩილ ჭირაქაძე აწერენე.
სხვათა შორის, კოღუაშვილმა და ჭირაქაძემ 2017 წლის დეკემბრის პირველ დეკადაში სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს სპეციალური მიმართვა გაუგზავნეს. რვაგვერდიან მიმართვაში ნათქვამია:
„ჩვენთვის გაუგებარია, რატომ იქნა არჩეული უპირობოდ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ერთადერთ საშუალებად საშუალო ტოქსიკურობის მქონე „ბიფენთრინი“, როდესაც ცნობილია, რომ „დიმეთოატი“ და „მალათიონი“ უფრო მეტად ლეტალურია აზიური ფაროსანასთვის, „აცეფატი“ და „ფასტაკი“ კი მიეკუთვნება მსუბუქად ტოქსიკური ნივთიერებების რიცხვს? ამასთან, „მალათიონი“ ზემოხსენებული სხვა პრეპატებისგან განსხვავებით, არ კლასიფიცირდება, როგორც ადამიანისთვის პოტენციური კანცეროგენი.
აქვთ თუ არა უცხოელ ექსპერტებს, რომელთა რეკომენდაციითაც მოხდა „ბიფენთრინის“ ერთადერთ გამოსაყენებელ პრეპარატად შერჩევა, მაღალი სანდოობა? კარგი იქნებოდა, გვცოდნოდა ამ ექსპერტების ვინაობა და მათი სამუშაო გამოცდილება, რათა მივმართოთ ჩვენი წინადადებებით...
„ბიფენთრინის“ შემცველი პრეპარატების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ამერიკული მწარმოებლის ორი ფართოდ გამოყენებულ პრეპარატის - „ბიფენი“ და „ტალსტარს პრო“ საცნობარო ფურცლებში ცალსახად მითითებულია, რომ დაუშვებელია მათი შენობების შიგნით, დიდ ზედაპირებზე გაფრქვევა, სასურსათო პლანტაციებსა და ხილ-ბოსტნეულის ბაღებში გამოყენება. ამასთან, „ბიფენთრინის“ ზოგიერთი პრეპარატი შეიძლება, განსაკუთრებით საშიში იყოს ადამიანისთვის და მისი გამოყენების ინსტრუქციაში პირდაპირ წერია, რომ ჩაყლაპვის შემთხვევაში, შეიძლება, სასიკვდილოც აღმოჩნდეს.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, სრულიად გაუგებარია, თუ რატომ იქნა შეძენილი ყველასათვის უცნობი თურქული წარმოშობის პრეპარატი „ზონდერი“ და არა - აშშ-ის, კანადის ან ევროკავშირის რომელიმე კარგად ცნობილი მწარმოებლის პროდუქცია? შემოწმდა თუ არა თურქული წარმოების პრეპარატის ტოქსიკურობა და აზიური ფაროსანას მიმართ მისი ლეტალობა (თურქეთი ხომ ევროკავშირის წევრი არაა და ლოგიკური იქნებოდა, მისი პროდუქცია შემოწმებულიყო საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდებით მანამდე, ვიდრე მილიონობით ლარი დაიხარჯებოდა მის შეძენა-გამოყენებაზე)? ჩვენი აზრით, ყოველივე ამის მიზეზი სესა-ს მიერ შემუშავებული სატენდერო პირობებია, რომელთა მიხედვითაც, პრეპარატი აუცილებლად უნდა შეიცავდეს ბიფენთრინს, მის სხვა კი, მნიშვნელობა არა აქვს, რის გამოც შესაძლებელი გახდა საქართველოში დარეგისტრირებული ბელგიური და ჰოლანდიური წარმოშობის მაღალხარისხოვანი პროდუქციის ნაცვლად ყველასათვის უცნობი თურქული წარმოების „ზონდერის“ შეძენა... ნებისმიერ მაღალგანვითარებულ ქვეყანაში ასეთი შეცდომის შემცველი მარკირების მქონე პროდუქტს სავაჭრო ქსელიდან ამოიღებდნენ, მის შემომტან კომპანიას კი დააჯარიმებდნენ, ან სისხლის სამრთლის პასუხისმგებლობას დააკისრებდნენ. მაგალითად, აშშ-ში ამგვარი ნივთიერებების გამოყენების ინსტრუქციის მოთხოვნების დარღვევა ფედერალური დანაშაულია, ასეთი ქმედების ჩამდენი კი - ფედერალური დამნაშავე.“
4. ამავე მიმართვაში ქართველი მეცნიერები სოფლის მეურნეობის მინისტრს სთხოვენ, მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა ფასად იქნა შეძენილი თურქული წარმოების პრეპარატი „ზონდერი“ და რომელი ორგანიზაციები მონაწილეობდნენ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში
5. „დარწმუნებულნი ვართ, ტენდერის გამართვის წინ საჭირო იყო მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიებთან დაკავშირება, რათა უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტი საგრძნობლად უფრო დაბალ ფასად ყოფილიყო შეძენილი,“ - აღნიშნულია ზემოაღნიშნული მიმართვაში.
6. ამასთან, კოღუაშილი და ჭირაქაძე ყურადღებას კიდევ ერთ დეტალზე ამახვილებენ და რიტორიკულად კითხულობენ:
7. „რით იყო განპირობებული ასეთი აჟიოტაჟი? ოქტომბერ-ნოემბერში შეასხურებდნენ პრეპარატს გამოსაზამთრებლად მოდუნებულ ან მძინარე და სამალავებში „შემალულ“ ფაროსანას თუ იანვარში, ამას დიდი მნიშვნელობა აღარ ქონდა; სამაგიეროდ, დაიზოგებოდა (ან საერთოდ არ დაიხარჯებოდა) სახელმწიფოს კუთვნილი მილიონობით ლარი.“
როგორ განხორციელდა გალის რაიონის ტერიტორიაზე შესაბამისი მუშახელის მომზადება და თხილის პლანტაციების „ზონდერით“ დამუშავება? არსებობს თუ არა შესაბამისი საფინანსო დოკუმენტაცია და სწავლება-ინსტრუქტაჟის ჩატარების დამადასტურებელი საბუთები? ვინ გააკონტროლებს მოსახლეობის მიერ თურქული წარმოების „ზონდერის“ გამოყენების შესაბამისობას ინსტრუქციის მოთხოვნებთან? ვინ იქნება პასუხისმგებელი პრეპარატის არასწორი გამოყენებით გამოწვეულ შედეგებზე? რით უნდა ავხსნათ, რომ აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას დაურიგდა ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და ტანსაცმელი (თუმცა ყველას არა), სამეგრელოს და გურიის მაცხოვრებლებს კი - არა?
შეძლებს თუ არა მოსახლეობა (210 ათასი კომლი), რომელსაც პრეპარატი დაურიგდა, ზუსტად დაიცვას შესაბამისი გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების ზომები, თუნდაც გაზომოს ქარის სისწრაფე, რომელიც გაფრქვევის დროს არ უნდა აღემატებოდეს ინსტრუქციით დადგენილ ნორმას? ვინ იქნება პასუხისმგებელი პრეპარატის არასწორი გამოყენებით გამოწვეულ შედეგებზე?
არსებობს თუ არა იმ ასობითა თუ ათასობით მწვრთნელ-ისტრუქტორის საკვალიფიკაციო და დაქირავებული ოპერატორის ინსტრუქტირების მოწმობა, რომელთაც სწავლება ჩაუტარდა?
როგორ მოხერხდა, სულ მცირე, 210 ათასი ადამიანის მოკლე ვადაში ინსტრუქტირება და, თუ ეს მართლაც მოხერხდა, არსებობს თუ არა შესაბამისი საფინანსო დოკუმენტაცია, სწავლება-ინსტრუქტაჟის ჩატარების დამადასტურებელი საბუთები და შესაბამისი სერტიფიკატები?
რა ღონისძიებები იყო გატარებული, რომ გამორიცხულიყო ბიფენთრინის მოხვედრა ზედაპირულ წყალსატევებში, ჭებსა და არხებში? - ეს იმ კითხვების ნაწილია, რომელზეც პასუხი არა არსებობს.
ქართველი სპეციალისტები ეჭვობენ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს, როცა აცხადებს, რომ „ბიფენთრინის ჯგუფის პრეპრატები საქართველოში 10 წელია, დარეგისტრირებული“.
„ბიფენთრინის ჯგუფის პრეპარატები ევროკავშირშიც რეგისტრირებულია და საქართველოშიც, მაგრამ ჩვენთან რეგისტრირებული ბიფენთრინის შემცველი ცხრა პრეპარატიდან ყველასთვის უცნობი და შეუმოწმებელი თურქული წარმოებისპროდუქტი „ზონდერია“ შესყიდული, რომელიც 2017 წლის 3 მარტსაა დარეგისტრირებული,“ - ამბობენ კოღუაშვილი და ჭირაქაძე.
სხვათა შორის, აღნიშნულ თემაზე ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემა „იქს-ზონა“ ერთვარ ჟურნალისტურ გამოძიებას ამზადებს, რომელიც პირდაპირ ეთერში შაბათს, 22 საათზე გავა.
მასალის გამოყენების პირობები






