მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევის საქმესთან დაკავშირებით, ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელობას დღეს საკრებულოში, გაერთიანებული კომისიების სხდომაზე ელოდებიან.
„გვექნება კითხვები იმასთან დაკავშირებით, რა პრევენციული ზომები შეგვიძლია მივიღოთ, რომ მომავალში მსგავსი შემთხვევა არ განმეორდეს და დავაზღვიოთ მოსახლეობა და მათი უსაფრთხოება. გვექნება საუბარი ასევე ტენდერების გამოცხადებისას, რა კრიტერიუმებით უნდა გამოცხადდეს მიღება ჩაბარების აქტები რა კრიტერიუმებით უნდა იქნას შემუშავებული იმისთვის, რომ მსგავსი ინციდენტები აღარ განმეორდეს,“ - აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბექა დავითულიანი.
"ნაციონალური მოძრაობაში" აცხადებენ, რომ შექმნილ ვითარებაში რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნა უფრო მიზანშეწონილი იყო.
“კალაძემ თქვა, რომ ეს ჩემი ბრალი არ არის მე მაშინ მერი არ ვიყავი, ნარმანიამ თქვა, ეს არც ჩემი ბრალი არ არისო, კონკრეტული მუშების და კომპანიის ბრალიაო, კომპანიამ - მე რაც დამავალეს ის შევასრულეო, ექსპერტებმა ჩვენ რაც დაგვიკვეთეს ის შევამოწმეთო. შესაბამისად არ გამოვრიცხავ, რომ იმ კონკრეტულ ადამიანებს დააბრალონ უბედური შემთხვევა,“ - განაცხადა "ენმ"-ის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.
„ევროპული საქართველო“ სხდომაზე ორ მნიშვნელოვან საკითხს დასვამს:
„ორი მნიშვნელოვანი საკითხია - გამოვლინდეს ყველა პასუხისმგებელი პირი და ასეთი ფაქტები აღარ უნდა განმეორდეს, რაც მოხდა რამდენიმე დღის უკან,“ - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ოზაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






