დავით რაქვიაშვილი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ინიციატივას უშიშროების საბჭოს ანალოგს უწოდებს.
„ამ ერთი წლის განმავლობაში უკვე მერამდენედ, ჩვენ ვხედავთ , რომ არის მცდელობა, გამოსწორდეს ის ზიანი, რომელიც კონსტიტუციურმა რეფორმამ მიაყენა თავად კონსტიტუციას, მთლიანად პოლიტიკურ სისტემას და მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურას.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ არსებობს ბერვად უფრო მარტივი გზა ვიდრე 22 წლის ინსტიტუტის დემონტაჟი და შემდეგ მისი ანალოგის ხელახლა შექმნის მცდელობა, უშიშროების საბჭო არის ზუსტად ის ორგანო, რომელზეც არის აი, ეს ფუნქციები დაკისრებული, პოლიტიკური თათბირისა, რომლის გარეშეც ქვეყანაში ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა ვერ განისაზღვრება. მიგვაჩნია, რომ არსებობს შესაძლებლობა მისი მოდელის ადაპტირება მოხდეს იმ მმართველობითი მოდელის შესაბამისად , რომელიც იქნება მიღებული ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ. ჩვენ ეს წინადადებები გაზიარებული გვაქვს პარლმანეტთან , კიდევ ერთხელ კომიტეტს მივაწვდით ჩვენს მოსაზრებებს და ვიმედოვნებთ, რომ ამაზე შედგება დისკუსია და კონსულტაცია”- აცხადებს რაქვიაშვილი.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ეროვნული უსაფრთხოების საკითხების კოორდინაციის მიზნით, სპეციალური ორგანოს შექმნას არ გამორიცხავს.
ირაკლი სესიაშვილი „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ საკითხზე კონულტაციები მიმდინარეობს, თუმცა გადაწყვეტილი არაფერია.
პარლამენტარი ამბობს, რომ აუცილებელია, ქვეყანას თავდაცვას და უსაფრთხოების საკითხებზე ერთიანი ხედვა ჰქონდეს.
ცნობისთვის: სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაუქმების შემდეგ, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი ორგანოები - ეროვნული უშიშროების საბჭო და საქართველოს მთავრობაა.
მასალის გამოყენების პირობები






