მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის ფაქტს საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე ეხმაურება. კობახიძის განცხადებით, სადგურების რეაბილიტაციის პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება:
“ მეტროსადგურებს სერიოზული რეაბილიტაცია სჭირდებათ და ამაზე მუშაობა დაწყებულია, ეს სერიოზულ რესურსებს მოითხოვს. რაც შეეხება “ვარკეთილის” მეტროს შემთხვევას, მე ინფორმაცია დეტალებში არ მაქვს და კონკრეტული კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც ჩვენ საარჩევნო შტაბში თბილისის წინასაარჩევნო პროგრამაზე ვმუშაობდით, იქ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ის მდგომარეობა გამოიკვეთა, რომელიც მეტროშია შექმნილი. მეტროსადგურებს სერიოზული რეაბილიტაცია სჭირდება და ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია, რაც სერიოზულ რესურსებს მოითხოვს. ამ ყველაფერში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მხარდაჭერას გაგვიწევენ. უკვე შესაბამისი მოლაპარაკებები დაწყებული და აქედან გამომდინარე მეტროს რეაბილიტაციის პროექტი გაგრძელდება. ეს თბილისის თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კანონმდებლობის დონეზე რისი გაკეთებაც არის საჭირო, იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული პარლამენტის მიერ ყველაფერი გაკეთდება. დანარჩენი კონკრეტული პროექტების და პროგრამების საქმეა. რომლებიც ასევე უსაფრთხოების სტანდარტების ზედმიწევნით დაცვით უნდა განხორციელდეს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






