ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის მიერ ცხინვალთან გაფორმებულ ე.წ. სამხედრო შეთანხმებას გმობს.
აშშ-ის სახელმწოფო დეპარტამენტი რუსეთის მხრიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ლიდერებთან გაფორმებულ სამხედრო ხელშეკრულებას გმობს და მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს რეგიონებიდან და უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება.
აშშ-ის მხარდამჭერ რეზოლუციას შესაფებები მოჰყვა საკანონმდებლო ორგანოში.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო ქაცარავა აცხადებს, რომ აშშ-ის თავის განცხადებებში მტკიცე მხარდაჭერას აფიქსირებს:
„სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომელიც რუსეთის ქმედებას გმობს, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მართლაც, პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგა აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან ამ პრობლემის დარეგულირების თვალსაზრისით და ეს აისახა არაერთ რეზოლუციასა და ოფიციალურ დოკუმენტში. ზოგადად, მნიშვნელოვანია, მსგავსი ქმედებების და განცხადებების ფონზე ყოველთვის არის მყისიერი და მტკიცე პოზიცია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან,“ - განაცხადა ქაცარავამ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნინო კალანდაძე აღნიშნავს, რომ დეოკუოპაციის საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის მხრიდან სწრაფი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
„როდესაც საქმე ეხება ოკუპაციის საკითხს, ამერიკის შეერთებული შტატების მყისიერი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. განცხადებაში საუბარია რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების უხეშ დარღვევაზე.
იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვი სწორედ ცდილობს, აღიარების პოლიტიკას ლეგიტიმაცია შესძინოს და ამავდროულად, ოკუპაციის ლეგიტიმაცია მოახდინოს თავისთავად, ამ ხელშეკრულებით, ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გმობდეს,“ - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი აშშ-ის მხარდამჭერი განცხადების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების გააქტიურების აუცილებლობაზე საუბრობს:
„ჩვენი პარტნიორების მხრიდან გაკეთებული მსგავსი განცხადებები ძალიან მნიშვნელოვანია. ეს განცხადება დროული და აუცილებელი იყო. ახლა სჭიროა ჩვენი ხელისუფლება გააქტიურდეს რომ მსგავსი განცხადებები კიდევ უფრო მეტი იყოს და ჩვენმა სხვა პარტნიორებმა იგივე პოზიცია დააფიქსირონ. რუსეთს აუცილებელია, რომ უჯდებოდეს გარკვეული დიპლომატიური ფასი და ამის უზრუნველყოფა, რასაკვირველია, შეუძლიათ, ჩვენს პარტნიორებს,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






