რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ 2011 წელს დადებული ხელშეკრულება - „განსაზღვრავს საქართველოს საბაჟო სამსახურისთვის განკუთვნილი ადგილების ზუსტ გეოგრაფიულ კოორდინატებს, ესენია ყაზბეგი რუსეთის საზღვართან, მდინარე ენგურის სამხრეთით (საიდანაც იწყება აფხაზეთის რესპუბლიკის საზღვარი) და გორის მიმდებარე ტერიტორია (სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრის სიახლოვეს)“- განაცხადა კარასინმა, მისი თქმით რუსეთი აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელს უახლოეს თვეებში მოაწერს“
კარასინის განცხადების შესაფასებლად „ნიუპოსტი“ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრს სერგი კაპანაძეს დაუკავშირდა, რომელიც ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ კარასინი ხელშეკრულების პირობების რუსეთის სასარგებლოდ შეტრიალებას ცდილობს:
„ხელშეკრულების მიხედვით სავაჭრო კორიდორები იქმნება, ერთი კორიდორი იწყება ზუგდიდთან, მთავრდება ფსოუსთან, მეორე იწყება გორთან, მთავრდება როკის გვირაბის იქეთ, მესამე არის ლარსზე გამავალი, ეს გულისხმობს იმას, რომ ორივე მხარე იქნება სამონიტორინგო კომპანია, რომელიც ამ კორიდორში შემავალ და გამავალ ნებისმიერ ტვირთს აღნუსხავს და ინფორმაციას მოიპოვებს, ეს არის ამ ხელშეკრულების იდეა. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რა ტიპის ტერმინალი დადგება, ეს არის საქართველოს შიდა საქმე, არაფრის დარღვევას და დათმობას არ ნიშნავს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ფსოუსა და როკის იქეთა მხარეს იდგებიან მონიტორები, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში რაც შემოვა, იმას გააკონტროლებენ.
მონიტორები ენგურთან და გორთანაც იქნებიან, მაგრამ ისინი საერთაშორისო ვაჭრობას არ აღნუსხავენ. საერთაშორისო ვაჭრობას აღნუსხავენ ჩვენსა და რუსეთს შორის, რაც არის აღიარებული საზღვარი, იქ რაც შედის იმას, იმის გამო რომ აფხაზეთს ვერ ვაკონტროლებთ ოკუპაციის შედეგად, იმასაც აღნუსხავენ რაც გამოვა აფხაზეთიდან.
მთავარი, რასაც არ ამბობს ბატონი კარასინი არის ის, რომ ეს არ არის ხელშეკრულება, რომელიც მხოლოდ საქართველოსა და რუსეთს შორის ასე ვთქვათ ოფიციალურ ვაჭრობას არეგულირებს. როგორც ჩანს იმის ჩვენება უნდა, რომ იქ იდგებიან მონიტორები და ამ დერეფანში რაც შევა და გავა იმას აღნუსხავენ. ასე არ არის, მაგალითად ცხინვალიდან რაც მიდის რუსეთში, ან რუსეთიდან რაც შემოდის ცხინვალში, და აფხაზეთიდან რაც შედის რუსეთში და რუსეთიდან რაც შემოდის აფხაზეთში, იმას აღნუსხავენ პირველ რიგში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, კარასინი ცდილობს თავისებურად შეაბრუნოს, მაგრამ რეალობა ასეთია, რაც ხელშეკრულებაში წერია“, - აღნიშნავს სერგი კაპანაძე.
მასალის გამოყენების პირობები






