ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა უკმაყოფილებას გამოთქვამს, იმის შესახებ, რომ საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მომთხოვნთა რიცხვი გაიზარდა.
რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტმა რიკარდ ჟოზვიაკიმ twitter-ის გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სავარაუდოდ დღეს და ხვალ შეჩერების მექანიზმი გამოყენებული არ იქნება, თუმცა პრობლემა არსებობს და საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მის გადასაჭრელად.
„არსებობს ერთი დიდი პრობლემა. ევროკავშირის გარკვეულმა წევრებმა, მდიდარმა ქვეყნებმა დაინახეს, რომ გაიზარდა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი. ეს აწუხებთ მათ, რადგან მიიჩნევენ, რომ არ უნდა გამოიყენონ ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირში თავშესაფრის მისაღებად. თუ ასე გაგრძელდა შესაძლოა ზოგიერთმა წევრმა თქვას, რომ ხომ არ განვიხილოთ შეჩერების მექანიზმის საკითხი. ვერ გეტყვით ვინ არიან ეს ადამიანები. შესაძლოა იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობენ. ან შესაძლოა ის პირები იყვნენ, რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ საქართველოში, აიღეს საქართველოს მოქალაქეობა და იყენებენ მას ევროკავშირში თავშესაფრის მისაღებად. აშკარაა, რომ სისტემა ბოროტად გამოიყენეს და ეს ბევრ ქვეყანას აღელვებს,“-განაცხადა რიკარდ ჟოზვიაკმა.
ინფორმაციას უვე გამოეხმაურა ბელგიაში საქართველოს ელჩი ნატალია საბანაძე. მისი თქმით, ევროკომისიის ექსპერტთა ჯგუფის მიერ ხვალ დაანონსებული შეხვედრა შეჩერების მექანიზმს არ უკავშირდება.
საბინაძის თქმით, საქართველომ უნდა განაგრძოს ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულება და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ დაარღვიონ უვიზო რეჟიმის წესები.
„თავშესაფრის მოთხოვნა ეს ისეთი რამ არის რისი დაკმაყოფილების სტატისტიკა არის ძალიან დაბალი საქართველოდან. ევროკავშირის ბევრ წევრს ქვეყანას საქართველო შეყვანილი ჰყავს უსაფრთხო ქვეყნების სიაში ამიტომ მოთხოვნების განხილვა ავტომატურად ნეგატიური პასუხით სრულდება.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ევროპული კვლევების დირექტორი, გიორგი რუხაძე საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მომთხოვნთა რიცხვის გაზრდას აფასებს და ამბობს, რომ „ხელისუფლებას, რეალურად ფაქტობრივად, არანაირი ბერკეტი არ აქვს, რომ ეს პროცესი შეაჩეროს".
„ფაქტი, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაიზარდა, ეს ბუნებრივია. იმიტომ რომ შენგების ზონაში წასვლა გაადვილდა და პარალელურად საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. აქიდან გამომდინარე სულ უფრო მეტი ადამიანი ითხოვს თავშესაფარს.
ხელისუფლებას, რეალურად, ფაქტობრივად, არანაირი ბერკეტი არ აქვს, რომ ეს პროცესი შეაჩეროს გარდა იმისა, რომ ქვეყანაში ვითარება უნდა გაუმჯობესდეს, უფრო მომხიბლავი უნდა იყოს ცხოვრება ამ ქვეყანაში და ნაკლები ადამიანი წავა სხვა ქვეყანაში დასარჩენად, სხვანაირად ხელისუფლება ვერავის ვერ აუკრძალავს, რომ უკეთესი საცხოვრებელი პირობები ეძებოს,“ - განაცხადა რუხაძემ.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებლის, თორნიკე შარაშენიძის თქმით, მოქალაქეების მიერ სხვა ქვეყანაში საცხოვრებლის მოთხოვნა ორი ფაქტორით არის განპირობებული, თავისუფალი მიმოსვლით და სოციალურ-ეკონომიკური გაჭირვებით.
„ორი ფაქტორის კომბინაციაა - თავისუფალი მიმოსვლა და სოციალურ-ეკონომიკური გაჭირვება. ხელისუფლებას თუ უნდა, რომ ხალხმა აღარ მოითხოვოს თავშესაფარი, უნდა გამოასწოროს ეკონომიკური ვითარება, რაც, როგორც ვხედავთ, ძალიან ძნელია, ამას ჯერჯერობით, საშველი ვერ დაადგა მთავრობამ უკვე 25 წელია,“ - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






