უმაღლესი სასწავლებლებისთვის აკრედიტაციისა და ავტორიზაციის მკაცრად განსაზღვრის საკითხი, ჯერ კიდევ 2012 წლამდე დაიწყო, დიმიტრი შაშკინის მინისტრობის პერიოდში. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ,,ქართული ოცნების" დეპუტატების მხრიდან აღნიშნული რეფორმა ხშირი კრიტიკის საგანი იყო.
რატომ დადგა დღის წესრიგში უმაღლესი სასწავლებლების შემცირებისა და მათი აკრედიტაცია-ლიცენზირების საკითხი კვლავაც დღის წესრიგში და რამდენად შეძლებს განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მის განხორციელებას, ამის შესახებ ,,ნიუპოსტი" ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ მისი მინისტრობის დროს, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ამ საკითხს და კონტროლდებოდა მაქსიმალური სიმკაცრით უნივერისტეტებისთვის აკრედიტაციებისა და ავტორიცაზიების მინიჭება-არმინიჭების საკითხი. შაშკინი მიხეილ ჩხენკელის განცხადებას ,,საინტერესოს და ცოტა გამაოგნებელს" უწოდებს.
„ძალიან საინტერესო განცხადება იყო, ცოტა გაოგნებული დავრჩი, ან ინსტიტუციური მეხსიერება განათლების სამინისტროში არ არსებიბს, ან გვაქვს პრობლემა საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით, ამას იმიტომ ვამბობ, რომ 2012 წელის შემდეგ უნივერსიტეტების რაოდენობა საქართველოში, ზუსტად ორ წელიწადში, 2013-2014 წლებში გაიზარდა 30%-ით.
ახლა განათლების მინსიტრი საუბრობს იმაზე, რისთვისაც ეს ხალხი, რომელიც ახლა მთავრობაშია, 24 საათის განმავლობაში მე მაგინებდა. შეგახსენებთ კიღურაძის ცნობილ მონოლოგებს, რომ უნივერსიტეტების შემცირებამ გამოიწვია პრობლემები განათლების სისტემაში, გავიდა 5 წელი და განათლების მინისტრი საუბრობს იმაზე, რომ მე ვიყავი მართალი, როდესაც არ ვუშვებდი სიტუაციას საპნის ბუშტებივით უნივერსიტეტების რაოდენობის გაზრდისა.
ადამიანი, რომელმაც დაუშვა ეს და საქართველოში უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობა 30%-ით გაზარდა, არის სანიკიძე, ეს არის სრული მავნებლობა და ახლა ის არის იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებს აძლევს აკრედიტაციასა და ვტორიზაციას. ზუსტად მისი მინისტრობის დროს იყო ავტორიზებული და აკრედიტებული 18 ახალი უმაღლესი სასწავლებელი. სანიკიძემ ეს მინისტრობის ზუსტად ერთ წელიწადში გააკეთა, ახალი მინისტრი კი საუბრობს, რომ სასწავლებლების რაოდენობა უნდა შემცირდეს. ეს სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს.
მსურს მივმართო განათლების მინისტრს, ყურადღება მიაქციოს სანიკიძის დეპარტამენტს, განათლების ხარისხის მართვის ცენტრს, რადგან სანიკიძე აბსოლუტურად თვითნებურად აკრედიტაციისა და ავტორიზაციის საბჭოებისგან ითხოვს დასკვნებს ინგლისურ ენაზე, რაც სრულიად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რომელშიც წერია, რომ სახელმწიფო ენა არის ქართული და აფხაზური. მე ყოველთვის მომხრე ვიყავი, რომ ინგლისური ენა განვითარებულიყო საქართველოში, ამიტომაც ჩამოვიყვანეთ ათასობით უცხოელი მასწავლებელი, ეს პროექტიც სანიკიძემ დახურა. ახლა ის ითხოვს საბჭოებისგან დასკვნებს ინგლისურ ენაზე. საქმის წარმოება საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით არის ქართულად საქართველოში და არა ინგლისურად. რა მარაზმთან გვაქვს საქმე, ნამდვილად არ ვიცი.
ანუ მე ვიყავი მართალი ხუთი წლის წინ? პოლიტიკური ნება თუ იქნება მინისტრი ამას გააკეთებს, საქართველოს ამდენი უმაღლესი სასწავლებელი არ სჭირდება. საკითხი არის შემდეგი, ვინ დაუშვა ეს და როგორ მოგვარდება? შეფასებული ინება თუ არა სამართლიანად უმაღლესი სასწავლებლები, თუმცა, ამაში ეჭვი მეპარება, რადგან პასუხისმგებელ დეპარტამენტს სანიკიძე ხელმძღვანელობს“, - განაცხადა შაშკინმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






