ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პირველი კვლევაა, ამიტომ პოლიტიკურ რეიტინგებს პოლიტიკური ისტემლიშმენტი განსაკუთრებით ელოდა.
მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში ცოტა ხნის წინ ჩატარდა, მაღალია გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა.
NDI-ს კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის მხარდაჭერა საქართველოს პარლამენტის მიმართ საკმაოდ სუსტია. კვლევის ავტორები კანონმდებლებს საზოგადოებასთან მეტ კომუნიკაციას და პროცესებში მეტ ჩართულობას ურჩევენ.
როგორც აღმოჩნდა, დაბალია კონსტიტუციის შესახებ ინფორმირებულობის დონეც.
რაც შეეხება მთავარ კითხვას - ხვალ რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას? შემეგები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ - 27%
„ნაციონალური მოძრაობა“ – 10%
„ევროპული საქართველო“ – 3%
სხვა პარტიები - 7%
არცერთი პარტია - 24%
შედეგებს პოლიტიკოსების მხრიდან შეფასებები უკვე მოჰყვა. ახალმა რეიტინგებმა „ქართულ ოცნებაში“ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მაგალითად, გუგული მაღრაძის ლოგიკას თუ გავყვბით, მაჟორიტარი დეპუტატების ცნობადობის ნაკლებობა შეიძლება, იმით აიხსნას, რომ მოქალაქეებს არ ჰქონდათ ისეთი პრობლემები, რომლის გამოც მაჟორიტარები დასჭირდათ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი კი, პრობლემას ნაწილობრივ აღიარებს და ამბობს, რომ მაჟორიტარებს მეტი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეთ თავიანთ ამომრჩევლებთან.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, პარტიაში კვლევის შედეგებს ენდობიან და აცხადებენ, პოლიტიკური განწყობების შესწავლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური ძალა „ნაციონალური მოძრაობაა“.
„ნიუპოსტი“ NDI-ს კვლევის შედეგებზე პოლიტიოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, ამომრჩეველი პოლიტიკური ელიტისგან დისტანცირებულია, პოლიტიკოსები კი ღარმა კრიზისში არიან.
"NDI -ის პოლიტიკურ შედეგებში განსაკუთრებული არაფერია, კვლევა ასახავს იმ კანონზომიერებას, რაც დღევანდელობას ახასიათებს. ამომრჩეველი პოლიტიკური ელიტისგან მთლიანად დისტანცირებულია და მიაჩნია, რომ ის ღრმა კრიზისშია და არ შეიძლება, ამომრჩეველს ამაში არ დაეთანხმო. მას არ მოსწონს არც ხელისუფლება და არც - ოპოზიცია. თუ შეხედავთ, პოლიტიკური ელიტა, რომელსაც პრეტენზია აქვს, ბარიერს ზევით იყოს, ჯამურად ეს მაჩვენებელი 40%-მდეც ვერ ადის. შესაბამისად, კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ჩვენ სტაგნაცია მხოლოდ ეკონომიკასა და სოციალურ სფეროში კი არ გვაქვს, არამედ, პოლიტიკური ელიტაც ღრმა კრიზისშია და ბოლომდე ჭაობშია ჩაფლული. ამომრჩეველი რაღაც ახალს ელოდება, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს“, - თქვა „ნიუპოსტთან“ გია ხუხაშვილმა.
პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ პარლამენტში რუხი მასაა და იქ დამოუკიდებელი აზრი არ არსებობს. სწორედ ამით ხსნის ხუხაშვილი NDI-ს კვლევის კიდევ ერთ შედეგს, რომლის მიხედვითაც, გამოკითხული მოსახლეობის 74% მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრი იმას გააკეთებს, რასაც პარტია ეტყვის.
„პარლამენტში გვყავს ერთი რუხი მასა, პირობითი მონოლითი, სადაც ინდივიდუალური აზრი არ არსებობს და იმას აკეთებს, რასაც პარტია უბრძანებს - ეს ბოლშევიკური გადმონაშთია“- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
„საქართველოში პარტიების ნდობა რელიგიური პრინციპივითაა, რაც ლიდერის რწმენის პრინციპით ფორმირდება. თუ „ევროპულ საქართველოს“ იმის ილუზია ჰქონდა, რომ მიხეილ სააკაშვილისგან, როგორც ლიდერისგან გაყოფის შემდეგ ელექტორატს წაიყვანდა, ეს პოლიტიკის ძალიან მიამიტი გაგებაა. დავიწყოთ იქიდან, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კარგად ორგანიზებული პარტია, შეკრული ძალაა და, პრინციპში, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ ენმ არათუ დასუსტდეს, არამედ, პირიქით, გაძლიერდეს. შესაბამისად, ვინც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი, მიდის „ნაციონალურ მოძრაობაში,“ - დასძინა ექსპერტმა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო. ცდომილების ზღვარია +/-1.9%.
მასალის გამოყენების პირობები






