ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მარეკ დუდაევის მკვლელის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც სააგენტო „რესი“ იუწყება, ოკუპირებული რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ ნანიევი, აცხადებს, რომ მათ მკვლელის ვინაობა უკვე დაადგინეს:
„ეჭვმიტანილმა გაქცევა მოახერხა, სავარუდოდ მან საქართველოს საზღვარი გადაკვეთა, თავდამსხმელმა დუდაევს თავის არეში „მაკაროვის“ ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი ჭრილობა მიაყენა“, - აღნიშნა ე.წ. შს მინისტრმა.
მარეკ დუდაევი ოკუპირებულ ცხინვალში გუშინ მოკლეს.
ცხინვალში მცხოვრები მარეკ დუდაევი ქართველმა სამართალდამცავებმა 2004 წელს დააკავეს, რის შემდეგაც სასამართლომ დამნაშავედ სცნო მკვლელობაში, ყაჩაღობასა და ფულის გამოძალვაში. 2005 წლის 25 ნოემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2012 წლის ზამთარში, დუდაევს ჯერ საყოველთაო ამნისტია შეეხო და სასჯელის ვადა 10 წლით შეუმცირდა, შემდეგ კი სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის ცვლილების გამო , რომელიც დანაშაულთა შეკრებითობას პრინციპის , სასჯელთა შთანთქმის პრინციპით შეცვლას გულისხმობდა , ცნობილი პატიმარი ციხიდან გათავისუფლდა.
მასალის გამოყენების პირობები






