„სასამართლო პროცესს არ უშლიდა ხელს ის, რომ გრიფი ედო. გრიფის მოხსნა იყო მარტო იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ ეს პიჯაკები და ევროპა და ამერიკა ყოფილიყო შოკში იქიდან გამომდინარე, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილმა შეიძინა პიჯაკები.“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, აღნიშნულმა საქმემ ბევრჯერ ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში.
„ჩემი უხერხულობა კიდევ ერთი საკითხია. მეორე საკითხი, რა არის იცით, ამ გრიფის მოხსნის შემდეგ და მას შემდეგ, რაც ჩვენ მსოფლიოს ვამცნეთ, რომ პრეზიდენტს 5 პიჯაკის გულისთვის ვიჭერთ, ამის მერე, მოიხსნა ყველა იმ ადამიანის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა, რომელთა მიცემა მართლმსაჯულებაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველოს საგამოძიებო ორგანოების ქმედებებით ქართული მართლმსაჯულების სტანდარტი შეირყა, საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახა, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების გასამართლება, ნამდვილად ჩადენილი დანაშაულის ნაცვლად არასერიოზული ბრალდებებით ხდებოდა და ისინი წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან ამოიღო. მარგველაშვილმა ამის მაგალითად ზურაბ ადეიშვილის სახელის წითელი ცირკულარის ამოღება დაასახელა.
„მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ორ სხვადასხვა საქართველოში ვცხოვრობდით. მე პიჯაკების გამო ვუპირისპირდებოდი სააკაშვილს? პიჯაკების გამო ვუპირისპირდებოდი და სუშის გამო ვუპირისპირდებოდი? „ნაციონალური მოძრაობა“ ამიტომ არ მომწონდა, რომ სუშის ყიდულობდნენ ძვირად? “ - განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






