“იქ, სადაც საქმე ეხება პოლიციელის უსაფრთხოებას და ღირსებას, ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები და ამას აქვს მარტივი ახსნა. იქ, იმ საზოგადოებაში, სადაც პოლიციელი არ არის დაცული, საზოგადოების უსაფრთხოებაზე გარანტიას ვერ მოგცემთ ვერავინ. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა მინისტრმა.
კლუბ "ბასიანთან" პოლიციის მაღალჩინოსნისა და კლუბის დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული სასამართლომ გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა. მინისტრის თქმით შსს-ს კომპეტენციაში არ შედის იმაზე პასუხი, თუ რატომ გაათავისუფლეს ეს ადამიანი გირაოს სანაცვლოდ.
სამი პირის დაჭრაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სააპელაციო სასამართლო, ხვალ, 17 იანვარს, 12 საათზე იმსჯელებს. ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდება სააპელაციო სასამართლოში პროკურატურამ გაასაჩივრა.
ბრალდებულის ადვოკატის ზაზა ჯაშის თქმით საქალაქო სასამართლოს მიერ გირაოს შეფარდების არგუმენტი გახდა ის, რომ ბრალდებული არ არის ნასამართლევი, აღიარებს ჩადენილ ქმედებას. ზეგავლენას არ მოახდენს არც მოწმეებზე, გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და მიმალვის საფრთხე არ არსებობს.
მასალის გამოყენების პირობები






