“საქართველოს სარეკლამო ბაზარი, მისი მასშტაბის გათვალისწინებით, არ არის თვითკმარი, შესაბამისად, მკაცრი კონკურენციის პირობებში მედიასაშუალებებს არა მხოლოდ ეფექტიანი ფუნქციონირებისა თუ განვითარებისათვის, არამედ ზოგჯერ გადარჩენისათვის ზრუნვა უწევთ. შესაბამისად, ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გავლენას მოახდენს ბაზარზე, გარდაუვლად აისახება მედიასაშუალებების დამოუკიდებლობის ხარისხსა და მთლიანად მედიაგარემოზე. ამის გათვალისწინებით, ისედაც შეზღუდულ და მეტიც - კლებად სარეკლამო ბაზარზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოყვანა და კერძო მაუწყებლებთან ერთად კონკურენციაში ჩაბმა, იქნება კონკურენტული გარემოს შეზღუდვა ბაზარზე არსებითად უთანასწორო პირობების დაწესებით. ეს ბუნებრივია, კიდევ უფრო გაართულებს კერძო ტელეკომპანიების, განსაკუთრებით, რეგიონული, ახალი და მცირე ზომის მაუწყებლების ფინანსურ მდგომარეობას, უარყოფითად აისახება კონკრეტულ მედიასაშუალებებზე და შესაბამისად - მედიაპლურალიზმზე. ეს ყოველივე დააზარალებს ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებას - მიიღოს მრავალფეროვანი, თავისუფალი ინფორმაცია და იდეები, და დააზარალებს დემოკრატიის ხარისხს ჩვენს ქვეყანაში. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელიც მოქალაქეების მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადებით ფინანსდება, არ უნდა განაპირობოს მედიაპლურალიზმის შემზღუდველი ბაზრის ჩამოყალიბება, რაც დააზიანებს ამავე მოქალაქეების ინტერესებს.“- აღნიშნულია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში.
“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებებით საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლებამოსილება უფართოვდება - სხვა ცვლილებებთან ერთად, მის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში. გარდა ამისა, იზრდება სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და სხვა პროგრამების დროს კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა - ნაცვლად 30 წუთისა, იგი არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ხოლო ყოველ საათში ნაცვლად 6 წუთისა, 12 წუთს.
მასალის გამოყენების პირობები






