„ნაციონალური მოძრაობას“ დუისში, 26 დეკემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციაზე კითხვები აქვს.
ზაზა ბიბილაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ უსწრაფესად უნდა გასცეს მთავარ კითხვებს პასუხები - ვინ შემოიყვანა ქვეყანაში საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფება და ვინ მიაწოდა მათ იარაღი?
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამას ივანიშვილის მწვანე შუქის გარეშე ვერავინ გაბედავდა საქართველოს ხელისუფლებაში. საქართველოში ვიღაცამ შემოიყვანა საერთაშორისო ტერორისტების ჯგუფი, მას მიაწოდა დიდძალი შეიარაღება და ამის შესახებ, ცხადია, ხელისუფლებამ იცოდა. დღეს კი, 19 წლის ადამიანის საკუთარ ლოგინში ჩაცხრილვის შემდეგ გვეუბნებიან, აი, მორჩა პრობლემა, ეს იყო ის ადამიანი, ვინც ყველაფერის უკან იდგა და შესაბამისად, დაიშალეთ, ყველაფერი კარგად არისო. ბუნებრივია, ასე არაა. ბუნებრივია, დადგება როგორც სისხლის სამართლის, ასევე, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც ყველა იმ ადამიანისა, ვინც ამ საქმის უკან დგას,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
სისხლიან სპეცოპერაციას „ყველაზე დიდი ჩავარდნას“ უწოდებენ „ევროპული საქართველოში“.
სერგი კაპანაძეს მიაჩნია, რომ პოლტიკური პასუხიმგებლობა უნდა დადგეს.
ოპოზიციას კითხვები აქვს ახმედ ჩატაევის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებითაც.
„იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იქნა გათავისუფლებული ჩატაევი თავის დროზე, როგორ დატოვა ქვეყანა და მას შემდეგ, რაც ჩაიდინა სასტიკი ტერორისტული აქტი სტამბულში, მას მერე, რაც დადასტურდა მისი კავშირი აისის-თან, მას შემდეგ, რაც ის იყო შეყვანილი ტერორისტების „შავ სიაში“, როგორ მოხდა მისი დაბრუნება საქართველოში? ამის მიღმა, ბუნებრივია, არის ლეგიტიმური კითხვები, რომლებიც უკავშირდება სპეცოპერაციებს. იყო თუ არა ძალა გამოყენებული გადამეტებულად მაჩალიკაშვილთან მიმართებაში. ამასთან, ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებითაც, დროულად აღმოუჩნდა თუ არა მას სამედიცინო დახმარება,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, "ოცნება" ოპონენტების განცხადებებს პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს.
„ეს წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციაა და მეტი არაფერი. შეფარვით ცდილობენ, რაღაც ვიწრო პოლიტიკური ქულები დაიწერონ მაშინ, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას. მაშინ, როდესაც სპეცრაზმელი დაიღუპა, ახალგაზრდა კაცი დაიღუპა და სპეკულაციაა მაშინ როდესაც გამოძიება ასე ვთქვათ, აქტიურ პროცესშია. ნდობის ჯგუფი ჩატარდა. ჩართულები არიან დამოუკიდებელი ექსპერტები. არ მიმაჩნია ეს სწორად. ეს არის შეფარვით იმის ჩვენება, რომ ვიწრო პოლიტიკური ინტერესები გვირჩევნია ამ ქვეყნის მომავალ მშვიდობიან დღეს,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






