საქართველოს პრეზიდენტის ახალი საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია 15 იანვრისთვის გახდება ცნობილი. ამის შესახებ ნაცვლიშვილმა დრეს გამართული პრესკონფერენციის შემდეგ ისაუბრა:
"ამ ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც გადმომეცა სამუშაოდ, არის საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებები. ჩემი წინამორბედი მუშაობდა ამ საკითხზე, ახლა უკვე მე გავაგრძელებ. 15 იანვარს არის ის ვადა, როდესაც პრეზიდენტმა უნდა მიიღოს და გამოაცხადოს გადაწყვეტილება ამ კანონთან დაკავშირებით. ამ ვადაში ჩვენ მუშაობას დავასრულებთ.
ჩემი პოზიცია ამ კანონთან დაკავშირებით, როგორც იურისტის და უფლებადამცველის არის ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სიკეთე, რომელიც უნდა ეკუთვნოდეს საზოგადოებას და მისი ფუნქციონირება მიმართული უნდა იყოს საზოგადოებრივი ინტერესების დაკმაყოფილებისკენ. შესაბამისად, ამ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს ნებისმიერი ცვლილება კანონმდებლობაში თუ პრაქტიკაში. ამ სტანდარტით იქნება შეფასებული ის კანონიც, რომელზეც მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






