ამ და მგგ-სთან დაკავშირებულ სხვა საკითხებთან შეკითხვებით საზოგადოებრივი მოძრაობა „სახალხო თვითმმართველობის“ ხელმძღვანელს გოგი ლორთქიფანიძეს მივმართეთ.
ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენი ორგანიზაცია ბოლო 5 თვის განმავლობაში მონიტორინგს უწევს მგგ-ს მიღების პროცესს. თუ შეიძლება მოკლედ გვიამბეთ როგორ ვითარდებოდა მოვლენები ამ დოკუმენტის ირგვლივ?
დღეს კახა კალაძისთვის დასამტკიცებლად წარდგენილი ე.წ. თბილისის გენგეგმის ისტორია 2015 წლის 21 მაისს დაიწყო, როდესაც ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურმა გამოაცხადა კონკურსი : „ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სახელმწიფო შესყიდვის“ მიზნით. კონკურსის პირობებით გამარჯვებულისათვის გათვალისწინებული იყო 50.000 ლარი თუმცა მთელი რიგი იურიდიული მანიპულაციების შედეგად, რომელშიც მონაწილეობდა ქ.თბილისი მერია, საქართველოს მთავრობა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადებულ ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ 50.000 ლართან ერთად პირდაპირი შესყიდვის წესით გაუფორმდა ხელშეკრულება 2 800 000 ლარის მომსახურებაზე.
„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2,8 მილიონი ლარიდან ეტაპობრივად, ჩაბარებული სამუშაოების მიხედვით უკვე მიღებული აქვს 2 მილიონი ლარი და დარჩენილი 800.000 ლარის მიღება არ მიღება დამოკიდებულია თბილისის არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილებაზე.
წესით და რიგით მომსახურების ხელშეკრულების ხელმოწერიდან 18 თვეში, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ უნდა შეესრულებინა და წარმოედგინა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი. თუმცა კონტრაქტზე ხელისმოწერიდან 26 თვეზე მეტი გავიდა და ამ დოკუმენტის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ამ ხნის განმავლობაში დოკუმენტში გამოვლენილი ხარვეზების და ვადების გადაცდენის გამო, კომპანია 6-ჯერ დაჯარიმდა და საჯარიმო სანქციებმა საერთო ჯამში დაახლოებით 300 ათას ლარი შეადგინა.
დღეს მოქმედი „ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“ 2014 წლის 30 დეკემბერს № 20-105 დადგენილებით აქვს დამტკიცებული ქ. თბილისის საკრებულოს და რა გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენდა 5 თვის შემდეგ ამ გენგეგმის განახლებაზე კონკურსის გამოცხადება?
გეგმის შეცვლა პირდაპირ კავშირში იყო თბილისის მაშინდელი მერის ბ-ნი დავით ნარმანიას წინასაარჩევნო პროგრამის მთავარ დაპირებასთან, რომლის „შესრულებაც“ მისი მერობის მთავარ მიზნად გადაიქცა. ის თავის ერთ-ერთ გამოსვლაში აცხადებდა, რომ „დედაქალაქის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, დაიწყება დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების მოქმედი გენერალური გეგმის თვისობრივი განახლება, რათა ის უფრო სიცოცხლისუნარიანი და თანამედროვე მიდგომების შესაბამისი გახდეს.“
მაშინ რატომ არ მოხდა ამ გენგეგმის დამტკიცება ნარმანიას დროს?
მიუხედავდ იმისა, რომ ბ-ნი ნარმანიას თავად იყო დამკვეთი მგგ-ს პროექტისა და ჰქონდა აშკარა პოლიტიკური ინტერესი ამ დოკუმენტის სასწრაფო წესით მიღებისა, სამეცნიერო და სამოქალაქო საზოგადოების, მძაფრი და არგუმენტირებული კრიტიკის შემდეგ, მან აშკარად ვერ გარისკა ამ არაკვალიფიცირებული და კერძო ეკონომიკური ინტერესებით დახუნძლული დოკუმენტის მიღება და მასზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება. მგგ-ს სექტემბრის თვეში დაანონსებული მიღების წინ, თავად ნარმანიამ აგვისტოში დაუკვეთა ექსპერტიზა ფრანგ სპეციალისტებს და მათი უარყოფითი შეფასებით ზურგგამაგრებულმა, მიმართა დროის გაყვანის ტაქტიკას, რათა მისი მმართველობის პერიოდში არ მომხდარიყო ამ დოკუმენტის დამტკიცება. მან „ხელები დაიბანა“ და თავის ტკივილი, სახელად „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“ ახალ მერს გადაულოცა.
ამ დოკუმენტს ავტორები თანხმობის დოკუმენტს უწოდებენ და რამდენად იყო საჯაროობა დაცული დოკუმენტის განხილვის პროცესში?
გააჩნია ვისთან „თანხმობის“ დოკუმენტს გულისხმობენ ავტორები. თუ საკუთარ და დაინტერესებულ პირთა ინტერესებს, მაშინ ეს ნამდვილად „თანხმობის“ დოკუმენტია, ხოლო თუ თბილისის მოქალაქეებთან თანხმობაა ნაგულისხმები მაშინ ეს ნამდვილად არ არის ესე. მგგ-ს საჯარო განხილვა შემოიფარგლა სალონურ ფორმატში ჩატარებულ შეხვედრებში სტუ-ში, თბილისის უნივერსიტეტში, მეცნიერებათა აკადემიაში და არქიტექტორთა კავშირში. ასევე ჩატარდა დოკუმენტის ინფორმაციული წარდგენა დედაქალაქის საკრებულოში. ეს იყო შეხვედრები შეხვედრების გულისთვის და არცერთი საგნობრივი შეკითხვა არ ყოფილა დასმული. ხოლო 1-2 არსებით შეკითხვაზე პასუხი საერთოდ არ ყოფილა გაცემული. სრული იგნორი გაუკეთდა იმ ადამიანების ინფორმირებას და მათთან შეხვედრების მოწყობას, ვისაც უშუალოდ შეეხება ამ გენგეგმის დამტკიცების შემდეგ შექმნილი ახალი რეალობა. წარმოდგენილი დოკუმენტი უხეში გათვლებით 25-30 ათასი კერძო მესაკუთრების ქონებას უცვლის იურიდიულ ფორმატს და ამის შესახებ მათთვის არავის უცნობებია.
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის დაცვა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს.
ცალკე აღებული რომელიმე ინტერესისთვის უპირატესობის მინიჭება დაუშვებელია. არჩეულმა ღონისძიებამ არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
ანუ წარმოდგენილი სახით მგგ-ს დოკუმენტი ზღუდავს კერძო მესაკუთრეების უფლებებს?
სამწუხაროდ ეს ასეა. დოკუმენტი, რომელიც საქართველოს იურისპრუდენციის ირარქიაში ერთ-ერთ ბოლო საფეხურზე დგას, არად დაგიდევთ არც საქართველოს კონსტიტუციას, არც „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონს, არც საერთაშორისო კანონმდებლობას და მისი ავტორების სურვილის და შეხედულებების მიხედვით იწყებს კერძო საკუთრების პრიმატის ხელყოფას. ფანქრის ერთი მოსმით ხდება მოქალაქეთა კერძო საკუთრებაში არსებული ქონებისთვის დღეს მოქმედი ზონალობის შეცვლა. ყოველგვარი წინასწარი ინფორმირებულობის და კონსულტაციების გარეშე გენგეგმაში, საყოფაცხოვრებო, რეკრიაციული და სამშენებლო ზონები შეცვლილია ლანდშაფტური ზონებით (საკმაოდ მკაცრი ზონა, სადაც მშენებლობა, ფაქტობრივად, შეუძლებელია). ამ ზონებისა და გენგეგმის ამოქმედების შემთხვევაში თბილისში უამრავი კერძო საკუთრება შეიზღუდება და ქალაქი იძულებული ხდება მიიღოს გადაწყვეტილება გამოიყენოს ადგილმონაცვლეობის ან გამოსყიდვის ფორმები. თუ გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დაახლოებით 30.000-ი კერძო მესაკუთრის ინტერესს შეეხება მაშინ ცხადი გახდება მოსალოდნელი, ხელოვნურად შექმნილი კონფლიქტის მასშტაბი. გამოსყიდვის მექანიზმის ამოქმედება კი პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან საკონპესაციო თანხები სხვადასხვა გათვლებით 300-500 მილიონ დოლარს მიაღწევს და ამ თანხის მოძიება უახლოეს 10-15 წელიწადში დედაქალაქის ბიუჯეტისთვის ყოვლად წარმოუდგენელია.
შემოთავაზებული პროექტით აშკარაა, რომ მისი ცხოვრებაში გატარების შემთხვევაში თბილისში დაიწყება კერძო საკუთრების ხელახალი გადანაწილების და ხელყოფის ანტიკონსტიტუციური პროცესი, ეს არის ყოვლად გაუაზრებელი ქმედება რასაც შეუძლია უმართავი პროცესები გამოიწვიოს საზოგადოებაში და დაუპირისპიროს ერთმანეთს კერძო მესაკუთრები და თბილისის მერია.
ეს სიტუაცია სააკაშვილის მმართველობის პერიოდს გვაგონებს, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს „აცახცახებდათ“ მათივე „ნათელი მომავლისათვის“ და მათზე „ზრუნვით“ ნაკარნახევი მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისას.
როგორც მგგ-ს ავტორები აღნიშნავენ, პროექტის შემუშავებაში უმაღლესი დონის უცხოელი ექსპერტები იყვნენ ჩართული და ისინი დაეხმარენ მათ საერთაშორისო პრაქტიკის საქართველოში გადმოტანაში.
მგგ-ს საჯარო განხილვებისას პრეზენტატორები მუდმივად მიუთითებდნენ უცხოელი პარტნიორების ჩართულობაზე და პირდებოდნენ საზოგადოებას, რომ ისინი სექტემბრის თვეში აუცილებლად ეწვეოდნენ თბილისს, რათა თვითონვე გაეკეთებინათ განმარტებები გენგეგმით შემოთავაზებულ მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე.
პროექტის ავტორების განმარტებით, გერმანელი ექსპერტების მომსახურება ქართული სტანდარტებით საკმაოდ ძვირი დაჯდა, თუმცა, მათ გაუწიეს ანგარიში ჩვენს რეალობას და საბოლოოდ მოხერხდა იმ თანხებში ჩატევა, რაც დაფიქსირებული იყო პროექტის ბიუჯეტში, მგგ-ს მთლიანი საპროექტო ღირებულება 2 800 000 ლარი იყო და აქედან ნახევარი ანუ 1 400 000 ლარი უცხოელი ესქპერტების მომსახურების ანაზღაურებაზე დაიხარჯა. ალბათ არც არაფერი იქნებოდა ამაში გასკვირვი, რომ არა ამ ექსპერტების მიუწვდომლობა, მათგან საინტერესო კითხვებზე პასუხის მისაღებად .
რეალურად, მათ მიერ შემუშავებული სატრანსპორტო სტრატეგია პროექტში რამდენიმე გვერდითაა წარმოდგენილი და არც თბილისში უნახავს ისინი არავის, თუმცა, პროექტის ავტორები გვარწმუნებდნენ, რომ გერმანელი ექსპერტები აუცილებლად ჩამოვიდოდნენ და განმარტებებს გააკეთებდნენ, როგორც დაინტერესებული საზოგადოებისათვის, ასევე საკრებულოშიც.
მტკიცებულების ფორმით ვერ ვიტყვით, მაგრამ მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, რეალურად უცხოელებისთვის ამდენი თანხა არ გადაუხდიათ და გაურკვეველი ანაზღაურების საფასურად „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ გამოყენებული იქნა მხოლოდ მათი სახელი, რათა წარმოდგენილი დოკუმენტისთვის გარკვეული ავტორიტეტულობა მიეცათ. ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ „სითი ინსტიტუტი საქართველო“ უარს აცხადებს ამ ნაწილში ფინანური დოკუმენტაციის გასაჯაროებაზე და მიზეზად კომპანიის ინტერეს ასახელებას. გასაკვირვია რატომ უნდა წარმოადგენდეს ბიუჯეტის სახსრებით გაწეული მომსახურების ზუსტი რაოდენობა და ხარჯვის მიზნობრიობა საიდუმლოებას.
ბოლოსდაბოლოს რა დოკუმენტთან გვაქვს საქმე?
ჩვენ ბევრჯერ აღვნიშნეთ, რომ დღეს წარმოდგენილი მგგ არის მხოლოდ სურვილებით, რეკომენდაციებითა და ძველი გენგემებიდან გადმოკოპირებული მასალით შეზავებული გარემოს რეგულირების გეგმა, რომელის მიზანია, შეცვალოს ქალაქის ფუნქციონალურ ზონები კონკრეტული ჯგუფების ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით. ეს დოკუმენტი სავარაუდოდ წარმოადგენს 2009 წლის გენგეგმის კორექტირებულ ვარიანტს. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი გადმოწერილია კიდევ უფრო ძველი გენგემის მასალებიდან. როგორც ქრონოლოგია გვიჩვენებს, რეალური დოკუმენტი, რომლის მხოლოდ სახელი იცვლებოდა, მიღებულია ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს და შესაბამისად მასში ასახული იყო მაშინდელი მმართველი ელიტის ეკონომიკური ინტერესები.
ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ურთიერთობის ისტორიაში ვერ გავიხსენებთ ვერცერთ საკითხს, რომელშიც მათ მძაფრი დაპირისპირება არ ქონოდეთ და საერთო პოზიცია დაეფიქსირებინოთ.
ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც „ქართული ოცნების“ ყოფილი მერის ბ-ნი ნარმანიას მიერ იქნა ინიცირებული და რომელსაც „ ნაციონალური მოძრაობა“, მისი განაყოფი „ევროპული საქართველო“ და ამ უკანასკნელთან აფილირებული პიროვნებები მხურვალედ უჭერენ მხარს -ეს არის „თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა.“
ეს დოკუმენტი ქართველი სპეციალისტების, სხვადასხვა სამთავრობო თუ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ექსპერტების სამართლიან კრიტიკას იმსახურებს, ისინი ცალსახად თანხმდებიან, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი არ შეიძლება გამოყენენული იქნას როგორც სახელმძღვანელო დოკუმენტი და რომ დაუშვებელია მისი დამტკიცება იმპლემენტაციის მიზნით . ეს არის საცნობარო ე.წ „რეფერენს“ დოკუმენტი, ეს დოკუმენტი არც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაა და არც განაშენიანების დეტალური მაკონტროლებელი რეგულაცია.
იგივე პოზიცია აქვს მერიის არქიტექტურის სამსახურმის უფროსსაც, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხარვეზებიდან გამომდინარე, შეიძლება წარმოდგენილი დოკუმენტი საერთოდ არ დამტკიცდეს და შეწყდეს კონტრაქტორთან ხელშეკრულება.
მგგ-ზე მუშაობის პროცესი უკვე 26 თვეა მიმდინარეობს, დახარჯულია 3 მილიონ ლარზე მეტი ბიუჯეტიდან და როგორც თქვენ ამბობთ შედეგი რეალურად არ გვაქვს. ანუ ქალაქმა შესაძლოა ვერ მიიღოს დოკუმენტი, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია მისი განვითარებისთვის. ვის უნდა მოვთხოვოთ პასუხი შეუმდგარ მგგ-ზე?
იურიდიულად მგგ-ს მიღების ბოლო ვადა 10 იანვრამდე აქვს არქიტექტურის სამსახურს და რა მოხდება ეს მალე გახდება ცნობილი ყველასთვის.
თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თბილისი მერს ბ-ნ კალაძეს არაერთხელ აქვს განაცხადებული, რომ ის ყველაფერს იზამს, იმისათვის რომ თბილისს ჰქონოდეს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მქონე გენგეგმა და რომ დღეს დასამტკიცებლად წარმოდგენილი დოკუმენტი არ შეესაბამებოდა ამ სტანდარტებს, დიდია იმისი ალბათობა,რომ ეს დოკუმენტი არ იქნება მიღებული და კონტრაქტორ კომპანიას გაუწყდება ხელშეკრულება.
ხოლო იმ ალბათობის დაშვება, რომ შესაძლებელია გაგრძელდეს წარმოდგენილ დოკუმენტზე მუშაობა ხარვეზების გამოსასწორებლად იქნება თავის მოტყუება და პროცესის კიდევ უფრო გაჭიანურების მცდელობა.
ხშირ შემთხვევაში, როდესაც პროექტის ავტორებს თხოვნე განმარტონ თუ რატომ არ არის დოკუმენტით შემოთავაზებული კონკრეტული გადაწყვეტილებები (მაგ.რკინიგზის გადატანა) დაყრდნობილი შესაბამის კვლევებზე, რატომ არ ჩანს არსად მონაცემთა ბაზები, რომელთა მეშვეობითაც ხდება შემდეგ სტრატეგიული რეკომენდაციების გაცემა და რატომ არა აქვს 3 მილიონად შეფასებულ 1250 გვერდიან დოკუმენტს, თუნდაც ელემენტარული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, ისინი ხელს საკონკურსო კომისიისკენ იშვერენ, რომელმაც შეადგინა საკონკურსო დავალება, სადაც მსგავსი მოთხოვნები არ იყო გათვალისწინებული. მიუხედავდ იმისა, რომ საკონკურსო დავალება მართლაც ზერელედ და არაკომპეტენტურად იქნა შედგენილი, წარმოდგენილი მგგ ამ დავალების ყველა მოთხოვნებსაც ვერ პასუხობს.
ანუ ერთის მხრივ გვაქვს კონტრაქტორის მიერ წარმოდგენილი უხარისხო პროდუქცია და მეორე მხრივ ასევე უხარისხო და ყოველგვარ კომპეტენციას მოკლებული საკონკურსო დავალება. ეს კი უფრო აძლიერებს იმ ეჭვს, რომ საქმე გვაქვს არა ახალი მგგ-ს შექმნის სურვილთან, არამედ ერთი და იგივე შინაარსის დოკუმენტების უმარტივეს განახლებასთან (update) , რაც კონკრეტული პირების ეკონომიკური ინტერესების გატარებას ითვალისწინებს და რომ ეს სქემა ათწლეულებია მოქმედებს თბილისში არქიტექტორთა ერთი ჯგუფის თაოსნობით და პოლიტიკური ხელისუფალის უტყვი თანხმობით.
რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, ჩვენ შეგვიძლია ეს მხოლოდ პოლიტიკური და სამოქალაქო პასუხისმგებლობის კუთხით განვიხილოთ, დანარჩენი ასპექტები კი უკვე ოფიციალური ორგანოების კომპეტენციაა.
როგორ გესახებათ პროცესის გაგრძელება, ხომ არ შეიძლება დედაქალაქი დიდხანს დარჩენს მისი განვითარების სახელმძღვანელო დოკუმენტის გარეშე და რა ნაბიჯები უნდა გადადგას ამ მიმართულებით ახალმა მერმა?
გამოსავალი ამ სიტუაციაში ერთადერთია. უნდა დასრულდეს დედაქალაქის და მისი მოსახლეობის ინტერესების შემლახავი პროცესი და არქიტექტურის სამსახურმა არ გადაუხვიოს თავის პრინციპულ პოზიციას. არ შეიძლება არ არსებული დოკუმენტის დამტკიცება და ამაზე, დიდი ალბათობით, საზოგადოებაშიც უკვე მიღწეულია კონსენსუსი.
ამავდროულად, სასწრაფო წესით განსახორციელებელია არქიტექტურის სამსახურის რეორგანიზაცია და ქალაქის ურბანულ განვითარებაზე პასუხისმგებელი ახალი ინსტიტუციის- ე.წ. არქიტექტურის და ურბანული განვითარების სააგენტოს შექმნა, რომლის კომპეტენციაც იქნება შემდგომში ქ. თბილისის გეგმაზომიერი განვითარებისთვის საჭირო დოკუმენტების და გადაწყვეტილებების მომზადება. რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს და კახა კალაძის წინასარჩევნო დაპირება, რომ თბილისს ექნება რეალური გენგეგმა, არ დარჩება ფუჭ დაპირებად.
არც ჩვენ ვაპირებთ ამ საკითხის ირგვლივ მხოლოდ მონიტორინგით შემოვიფარგლოთ. ამ პროცესის განმავლობაში „სახალხო თვითმმართველობას“ დაუგროვდა უამრავი საინტერესო და თანამედროვე მასალა ქალაქების ურბანული განვითარების კუთხით. ჩვენ გვქონდა შეხვედრები სხვადასახვა დარგის ქართველ სპეციალისტებთან, მოვისმინეთ უამრავი მოსაზრება და შენიშვნა მგგ-თან დაკავშირებით და დაგეგმილი გვაქვს დაგროვილი ინფორმაციის სისტემატიზაცია და საზოგადოებისთვის გაცნობა. ამ მიზნით „სახალხო თვითმმართველობა“ უახლოეს მომავალში აპირებს მთელი რიგი ღონისძიებების (ვორკ-შოპი, კონფერენცია) ჩატარებას და ფართო საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. იმედი გვაქვს ამ პროცესში შედგება ჩვენი თანამშრომლობა მერიის და საკრებულოს შესაბამის სტრუქტურებთან და მათთვისაც საინტერესეო იქნება იმ მასალების და მოსაზრებების გაცნობა რაც დაგროვილი აქვს საექსპერტო საზოგადოებას ამ ხნის განმავლობაში.
ესაუბრა
მირიან ბოლქვაძე
მასალის გამოყენების პირობები






