საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო მდივნად ანა ნაცვლიშვილი დანიშნა. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნაცვლიშვილმა მედიასა და საზოგადოებას მიმართა:
“პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს ჩემს მიმართ გამოხატული ასეთი მაღალი ნდობისთვის.
ჩემთვის იქნება უდიდესი პასუხისმგებლობა, ძალიან დიდი პატივი თქვენთან ერთად და ადმინისტრაციის გუნდთან ერთად ახლა უკვე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სტატუსით გავაგრძელო მუშაობა და წვლილის შეტანა იმ უდიდეს საქმეში, რასაც ქვია საქართველოს მაღალი სტანდარტის საკანონმდებლო ბაზის შექმნა, სახელმწიფო ინსტიტუტების, დემოკრატიის დაცვა და განმტკიცება ჩვენს ქვეყანაში.
მაქვს მზაობა და იმედი იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა და მუშაობა როგორც საკანონმდებლო ორგანოსთან, ასევე საკანონმდებლო პროცესით დაინტერესებულ და ჩართულ ყველა სახელმწიფო უწყებასთან იქნება დაფუძნებული პატივისცემის პრინციპზე, იქნება კონსტრუქციული და შედეგიანი.
ასევე მინდა წარმატებები ვუსურვო ჩემს წინამორბედს ძალიან მნისვნელოვან პოზიციაზე, ქართული მართლმსაჯულების გაჯანსაღების საქმეში.
დიდი მადლობა, ბუნებრივია მედიისთვის და ფართო საზოგადოებისთვის დავრჩები ისეთივე ღია და ხელმისაწვდომი, როგორც აქამდე ვიყავი“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






