გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ანა ნაცვლიშვილის კანდიდატურა მისი იურიდიული კვალიფიკაციის, პრინციპების გამო შეირჩა.
„მიხარია რომ ქალბატონი ანა დათანხმდა ამ თანამდებობას. ჩვენ კვლავაც ძალიან აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან. იმედი მაქვს რომ ეს თანამშრომლობა იქნება ორიენტირებული უკეთესი, სამართლებრივი, პოლიტიკური რეალობის შესაქმნელად საქართველოში. მე ვუსურვებ ანას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ მუშაობას ამ მიმართულებით,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ანა ნაცვლიშვილი 2014 წლიდან 2017 წლის მიწურულამდე “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. ის პროფესიით იურისტია. 2012 წელს ნაცვლიშვილმა დიდ ბრიტანეთში, ენექსის უნივერსიტეტში ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში მაგისტრის ხარისხი მიიღო. “საიას” თავმჯდომარეობამდე კი ორგანიზაციის საპარლამენტო მდივნის პოსტს იკავებდა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გუშინ, 8 იანვარს, უკვე ყოფილი მდივანი ანა დოლიძე გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნა. დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობას 2016 წლის ივნისიდან ასრულებდა.
მასალის გამოყენების პირობები






