თუ გეტყვით, რომ შობის დღესასწაული საქართველოში განსაკუთრებული მოლოდინით და სიხარულით აღინიშნება, არც ახალს გაიგებთ რამეს და არც გასაოცარს. შობის ღამე რომ "ალილოს" მღერიან, არც ეს არის უცხო. შესაძლოა, თქვენც გიმღერიათ ბავშვობაში და ისე გაგიხარებიათ ადამიანები, თვითონ რომ წარმოდგენა არ გაქვთ.
მაგრამ შობის ღამე ყველას როდი ათავისუფლებს მოვალეობისგან და მაშინ, როცა ქრისტეს შობას ვზეიმობთ, ისინი სამსახურებში არიან. თუმცა, არაინ ადამიანები, რომლებსაც ისინი ახსოვთ.
სოციალურ ქსელში ემოციური ისტორია ვრცელდება, როგორ მიულოცეს ზუგდიდელმა ბიჭებმა (ლევან ჭანტურია, გიორგი ნარმანია, დიმა ლაღიძე, საბა შონია, ნიკო ძაძამია) შობა სადღეღამისო მარკეტებში მომუშავე ადამიანებს. გთავაზობთ სტატუსს უცვლელად, რომელსაც ფეისბუკზე ლევან ჭანტურია ავრცელებს.
"წაკითხვა იმედია არ დაგეზარებათ.
ეს წელი კარგად დაიწყო... პირველი დღიდან ვიძახი, რომ საუკეთესო ახალი წელი მქონდა.
მახსოვს, ბავშვობაში საახალწლო გართობების შემდეგ, მთელი უბანი საშობაო ალილოსთვის ვემზადებოდით, 6-ში საღამოს შევიკრიბებოდით და სიმღერით ვულოცავდით მეზობლებს შობას. ფულიც გროვდებოდა და მეორე დღეს ყველა ერთად ვიკრიბებოდით ამ თანხის მიზანმიმართულად გამოსაყენებლად.
აი გუშინ ღამით კი იმდენი რამე მოხდა, მინდა, რომ მოგიყვეთ. იმედია პოპულისტად არ შემრაცხავთ.
საღამოს რამდენიმე ძმაკაცი შევიკრიბეთ, კარგა გვარიანად შევთვერით და უკვე სახლებისკენ დავიძარით, ერთ-ერთი ჩვენგანის სახლში უკვე მოესწროთ ახალგაზრდებს მისვლა და ალილოთი ულოცავდნენ ოჯახს ამ დღესასწაულს. ჩვენც გადავწყვიტეთ ჩვენს ოჯახებში მისვლა და სიმღერით მილოცვა, თითოეულის ოჯახში მივედით, ვიმღერეთ, ცოტა ყველგან დავლიეთ, ბევრი ვიცინეთ და ვილაპარაკეთ. რათქმაუნდა სიმბოლურად ფულსაც გვჩუქნიდნენ ჩვენი ოჯახის წევრები და გამოსულზე, რომ დავითვალეთ გვარიანად შეგროვილა. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი, დაიბადა იდეა, რომ ამ ფულით რამე პოზიტიური გაგვეკეთებინა და საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ ყველა იმ ადამიანისთვის მიგველოცა, ვინც შობის ღამეს სამსახურში ატარებდა. ყველაზე ახლო სადღეღამისო მარკეტით დავიწყეთ.
სცენარი კი იყო ასეთი:
შევდიოდით, სალაროსთან ვყიდულობდი 2 "პლიტკა" შოკოლადს ვიწყებდით ალილოს სიმღერას, ვტოვებდით შოკოლადს და გამოვდიოდით.
ზუგდიდის ყველა სადღეღამისო მარკეტი მოვიარეთ ფეხით, არცისე ცოტა ყოფილა, ბოლო მარკეტში კი დარჩენილი ფულით და კიდევ ჩვენი მცირედი სახსრებით ვიყიდეთ ბევრი "პლიტკა" და ყველა აფთიაქში და კაზინოშიც კი ვიყავით, გავაჩერეთ ორი პოლიციის მანქანა და მათაც გადავეცით ეს მცირედი საჩუქარი, ვაჩერებდით ყველა შემხვედრ მანქანას და თუნდაც წამიერ სიხარულს ვანიჭებდით მათ.
შთაბეჭდილებები, კი რომელიც წუხანდდლი ღამის შემდეგ დამრჩა წერით გადმოსაცემად ცოტა არ იყოს შეუძლებლად მიმაჩნია. ძალიან, ძალიან ბევრი პოზიტივი ! ძალიან ბევრი სიხარული და შინაგანი ბედნიერება!
შობას გილოცავთ ადამიანებო " - წერს ლევანი.
მასალის გამოყენების პირობები






