პროკურატურის განცხადების თანახმად, სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს სასჯელის ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განესაზღვრა სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლითა და ხუთი თვის ვადით ჩამოერთვა.
პროკურატურის ინფორმაციით, ,,2008 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ბოროტად გამოიყენა რა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, დავით ახალაიასთვის წინასწარ მიცემული უკანონო დაპირების შესაბამისად, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა მსჯავრდებულებს - გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძესა და ავთანდილ აფციაურს, რის შემდეგაც მათ მიმართ შესაძლებელი გახდა ვადამდე პირობით გათავისუფლების სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება“.
ჰქონდა თუ არა საქართველოს პრეზიდენტს, კანონის თანხამად, შეწყალების კომიის გვერდის ავლით, შეწყალების უფლება?
2005 წლის 30 მაისის პრეზიდენტის №395 ბრძანებულებით: ,,საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, შეწყალების შუამდგომლობის (თხოვნის) განხილვის ნებისმიერ სტადიაზე და/ან ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე.“
ამავე უფლებით სარგებლობს დღესაც საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი.
პროკურატურის ამ განცხადებას ტყუილზე დაფუძნებულს უწოდებს, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი ,,ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ უწყება ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.
,,საქართველოს პროკურატურა და სასამართლო ემსახურება მხოლოდ ერთი ადამიანის სურვილს. მრავალჯერ ითქვა და კიდევ გავიმეორებ, რომ ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ მიწაში ჩადო სასამართლოს დამოუკიდებლობა და ზოგადად სასამართლოს პრინციპები; ეს არის აშკარა მაგალითი პოლიტიკური დევნის, თუმცა ყველას ვურჩევ კარგად წაიკითხონ პროკურატურის განცხადება. პროკურატურას განზრახ შეჰყავს შეცდომაში მოსახლეობა, ის აკეთებს არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ განცხადებებს, რომელიც არის ტყუილზე დაფუძნებული. კერძოდ, საქართველოს პროკურატურა ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეწყალების კომისიის გვერდის ავლით შეიწყალა კონკრეტული ადამიანები. როგორც იურისტი შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერი ვინც კანონს წაიკითხავს, მიხვდება, თუ რა პოლიტიკურ ტყუილზე დაფუძნებულ განცხადებებს აკეთებს პროკურატურა. საქართველოს კანონმდებლობით, შეწყალბის კომისია ასრულებს მხოლოდ სათათბიროს როლს, ის ურჩევს პრეზიდენტს შეიწყალოს თუ არა ესა თუ ის ადამიანი, საქართველოს კანონით, პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას, მიიღოს რჩევად შეწყალების კომისიის გადაწყვეტილება ან არ მიიღოს, ან საერთოდ შეიწყალოს შეწყალების კომისიის გარეშე. შეწყალების კომისია იყო შექმნილი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ვინაიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შედის ძალიან ბევრი განცხადება შეწყალებაზე, გაუმარტივდეს პრეზიდენტს მისი კონსტიტუციური უფლების შესრულება. ეს არის მხოლოდ სათათბირო ორგანო და კანონში პირდაპირ წერია, რომ პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას შეიწყალოს ან არ შეიწყალოს. არსად, არცერთ კანონში არ წერია, რომ ეს ხდება შეწყალების კომისიის დასკვნის საფუძველზე.
შეწყალების კომისიის შესახებ კანონი მიუთითებს, რომ სათათბირო ორგანოს როლს და თუ პრეზიდენტმა ჩათვალა საჭიროდ, მას მიმართოს, გაითვალისწინოს ან არ გაითვალისწინოს მისი რჩევა, არანაირი ვალდებულება, რომ მიმართოს კომისიას არ აქვს და არც იმის ვალდებულობა რომ გაითვალისიწნოს მისი რჩევა. ამდენად, ყველა იურისტისთვის ბუნებრივია ეს გასაგებია, მაგრამ ის, რომ პროკურატურა ცდილობს ტყუილზე დაფუძნებული პოლიტიკური განცხადებები გააკეთოს, ეს არის ფაქტი.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა თავისი კონსტიტუციური უფლება და შეიწყალა 130-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც იმ მომენტისთვის იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ამ თხოვნით მას მიმართა საქართველოს პარლამენტმა. ზოგი გათავისუფლდა, ზოგს - შეუმცირდა სასჯელი“ - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






