საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, საქართველო ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამარცხვინო პრეცედენტების ისტორიაში შევიდა:
"პირველი ეს იყო "რუსთავი 2"-ის საქმე, როდესაც 11-მა უნამუსო მოსამართლემ უზენაეს სასამართლოში გამოიტანა გადაწყვეტილება და შემდეგ პირველი ისტორიული პრეცედენტი იყო სტრასბურგის პრეცედენტი. მეორე ისტორიული პრეცედენტი ხდება ის, რომ მსოფლიოში არ მომხდარა არც ერთი ფაქტი, რომ პრეზიდენტისთვის მიესაჯოთ სასჯელი მისი კონსტიტუციური უფლების გამოყენებისთვის, რომელსაც ჰქვია შეწყალების უფლება. მეორე ისტორიული სამარცხვინო ლაქა და ასევე კიდევ ერთი ურთნელიძე გაჩნდა საქართველოში ამ უნამუსო მოსამართლის სახით. პირდაპირ არის ეს იმის მაჩვენებელი, რომ საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს. დაწყებული საკონსტიტუციო სასამართლოში ჩასმით თავისი დაქალებისა და დეპუტატების, თუ მოსამართლედ ქცეული პოლიტიკოსების დამთავრებული ყველა დონის სასამართლოებით, იუსტიციის საბჭოს ჩათვლით - ეს არის ერთი პარტიის მორჩილებაში მყოფი სტრუქტურა, რომელიც საქართველოს არ მოუტანს არავითარ სიკეთეს. ეს იყო სამარცხვინო ფაქტი, ბუნებრივია, მას ექნება როგორც საერთაშორისო, ასევე მათ შორის, პოლიტიკური რეაგირება", - განაცხადა გოცირიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






