ხანგოშვილმა საჯარო მოხელეებს მიმართა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა უსაყვედურა.
ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი, რომელიც პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს შეხვდა, ამბობს, რომ 19 წლის ბიჭის ახმედ ჩატაევთან კავშირი გამორიცხულია.
მექა ხანგოშვილმა პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრის მიერ მაჩალიკაშვილის ჩატაევთან შესაძლო კავშირზე გაკეთებულ განცხადებას ნაჩქარევი უწოდა, თუმცა ელიზბარ მარგოშვილის მიმართ შესაძლო ზეწოლა გამორიცხა: „უხუცესთა საბჭოზე ზეწოლა გამორიცხულია, როგორც თვითონ ამბობს, იჩქარა და ემოციური განცხადება გააკეთა. მან თავადვე უარყო ეს ინფორმაცია".
მისივე თქმით, პანკისელი ქისტების ტერორიზმში დადანაშაულება დაუშვებელია. ხანგოშვილს 26 დეკემბერს ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის ირგვლივ კითხვები აქვს.
„ჩვენ ვემიჯნებით ტერორიზმს და ამ საკითხში პანკისის მოსახლეობა ერთსულოვანია. და მაინც, თუ ვინმე ეჭვმიტანილი იყო, ამ ახალგაზრდების აყვანა სხვა ფორმით შეიძლებოდა და არა - 19 წლის ბიჭისთვის, პირდაპირ შუბლის გახვრეტა. თუ ისინი არგუმენტად მოიყვანენ, რომ კანონის მიხედვით ტერორისტებს პირდაპირ ანადგურებენ, ეს ადამიანები ტერორისტები არ ყოფილან და სპეცოპერაციის ეტაპზე მხოლოდ ეჭვმიტანილები იყვნენ. მადლობა უფალს, რომ ამის გარჩევის უნარი ქისტებს გვაქვს, ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს.
სპეცოპერაციის ფორმებს რომ დავუბრუნდეთ, თუ 04:25 საათზე მოხდა გასროლა, 08:00 საათამდე რატომ არ გადაიყვანეს დაჭრილი საავადმყოფოში?! - ბიჭი სისხლისგან დაიცალა. ტერორისტი რომც ყოფილიყო, ასეთი მიდგომა აბსოლუტურად მიუღებელია,“ - განაცხადა "ნიუპოსტთან" ხანგოშვილმა.
ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ დაჭრილ ახალგაზრდას პირადად არ იცნობს, თუმცა ხაზს მისი ოჯახის კეთილსინდისიერებას უსვამს.
„დედ-მამას ძალიან კარგად ვიცნობ, დედაჩემი ასწავლიდა, ჩვენ ერთად გავიზარდეთ, მსგავსი წესიერი ოჯახი ხეობაში ორი არაა. თემირლანს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და ახლახან 8-საათიანი ოპერაცია გადაიტანა. ძალიან მოკრძალებული და მორიდებული ბიჭი ყოფილა, ხეობის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მას მხოლოდ დადებითად ახასიათებს,“ - თქვა ხანგოშვილმა.
"ნიუპოსტმა" ხეობის მკვიდრს ის რეალობაც შეახსენა, რომ პანკისელი ახალგაზრდები სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში საბრძოლველად ხშირად მიდიან, თუმცა მაჩალიკაშვილთან მიმართებით ხანგოშვილი ამბობს, რომ მისი წყაროების ინფორმაციით, 19 ბიჭს ISIS-თან კავშირი არ ჰქონია. ხანგოშვილი დაჭრილის ჩატაევთან კავშირსაც გამორიცხავს.
"ეს ოჯახი რადიკალიზმის მიმდევარი არაა, ამიტომაც ველოდებით გამოძიებას. შემიძლია ვთქვა, რომ თუნდაც ისინი (ბრალდებულები) შეცდომაში იყვნენ შეყვანილნი, გამორიცხულია, საქართველოს წინააღმდეგ წასულიყვნენ. პირიქით, თუ ვინმე რამეს დააპირებდა, ისინი ამას არ დაუშვებდნენ. ქისტების მხრიდან მუქარა არასდროს ყოფილა და ამის მომსწრენი არაერთხელ გავმხდარვართ. თუკი საქართველო არ შევიდა იმ 60 ქვეყნის სიაში, რომელზეც ტერორისტები თავდასხმას აპირებდნენ, სწორედ ქისტების დამსახურებაა,“ - განმარტა მექა ხანგოშვილმა.
მეტიც, ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ ჩატაევი და მისი გარემოცვა საქართველოში ტერორისტულ აქტს არ მოაწყობდნენ.
„ვერაფრით დავუშვებ, რომ ისინი საბავშვო ღონისძიებაზე გეგმავდნენ ტერაქტის მოწყობას. წყაროს ვერ დავასახელებ, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ჩატაევი საქართველოში არაფრის აფეთქებას გეგმავდა. საქართველოს მას სხვა მიზნები ჰქონდა, ბავშვების მიმართ რა ინტერესი უნდა ჰქონოდა?! საქართველოს მხრიდან ჩატაევი გამართლდა და ქვეყანა მშვიდობით დატოვა. გამორიცხულია, ჩეჩნები ასეთები არ არიან, ეს მათი მენტალიტეტი არ არის. ჩატაევს არ ვიცნობდი, არც მისთვის თავის დადება არ მჭირდება, თუმცა როგორც რიგითი ჩეჩენი, ის საქართველოს ცუდს არაფერს უზამდა,“ - თქვა ხანგოშვილმა.
„ნიუპოსტის“ შენიშვნაზე, ჩეჩნები აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდნენ, ხანგოშვილმა თქვა, რომ „ეს სხვა გარემოება იყო და ამის შესახებ ახლა საუბარი არ სურს".
„ასე თუ დავიწყეთ, ბევრი რამ გვაქვს ერთმანეთისთვის გასახსენებელი, თუმცა დღეს ჩვენ ეს არ გვჭირდება. პირიქით, სხვა გზებს უნდა ვეძებდეთ. იქ (აფხაზეთის მოვლენები) სხვა ამბები იყო და ამ თემაზე ნუ გადავალთ. ეს ცალკე თემაა. დარწუნებული ვარ და მინდა, მჯეროდეს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ერთი ჩეჩენიც არ წავა"- დასძინა მექა ხანგოშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






