სერგეენკო კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა და მედიას უთხრა, რომ უწყება ყველა საჭირო ხარჯს აფინანსებს.
მინისტრის შეფასებით, თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
დავით სერგეენკოს თქმით, კონსილიუმზე ასევე, იმსჯელებენ მკურნალობის სამომავლო გზებსა და იმაზე, თუ რამდენადაა შესაძლებელი პაციენტის საზღვარგარეთ წაყვანა.
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი აშშ-დან ჩამოსულ ექიმთან შეხვედრას ელოდება.
“პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და მთელი აქცენტი ახლა არის რეანიმაციულ მოვლაზე, რომ პოტენციური გართულებები იყოს თავიდან აცილებული.
შუადღეს კიდევ ერთი კონსილიუმი იქნება, რომელშიც რეანიმატოლოგები მიიღებენ მონაწილეობას და ვფიქრობ, დღის ბოლომდე საბოლოო გადაწყვეტილებაზე ვიქნებით ჩამოყალიბებული. საბოლოო გადაწყვეტილება გამოიხატება იმაში, რომ მკურნალობა გაგრძელდება ადგილზე, თუ პაციენტს გადავიყვანთ სხვა კლინიკაში ან სხვა ქვეყანაში”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
პაციენტის მკურნალობაში ჯანდაცვის სამინისტრო პირველივე წუთებიდან იყო ჩართული. კონსილიუმის საფუძველზე, თელავის კლინიკიდან მისი თბილისში გადმოყვანა გადაწყდა. „ამის შემდეგ ჩვენი სრული პატრონაჟი მიდის. სამინისტროს მოვალეობაა, ჩართული იყოს, რადგან ასეთი სიმძიმის პაციენტის მართვა მოითხოვს სხვადასხვა უწყებაბს შორის კოორდინაციას”, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
მასალის გამოყენების პირობები






