„არსებული საერთაშორისო თანამშრომლობისა და აჰმედ ჩატაევის საქმის გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, თურქმა სამართალდამცველებმა, 26 დეკემბერს, ტრაპიზონის პროვინციაში, საქართველოს მოქალაქე, გოჩა (ალი) საგინაძე დააკავეს. დაკავებული ტერორიზმთან კავშირში არის მხილებული. თურქმა სამართალდამცველებმა ბრალდებულის კუთვნილი, ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული მასალები ამოიღეს. გადაცემული ინფორმაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული იყო ახმედ ჩატაევის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან, რომელიც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინიდან ამოიღეს.“ – აცხადებენ სუს-ში.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით უწყება მჭიდროდ და აქტიურად თანამშრომლობს თურქ კოლეგებთან, ისევე როგორც სხვა პარტნიორი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებთან.
შეგახსენებთ, თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ტრაპიზონის პროვინციაში საქართველოს ორი მოქალაქე, ცოლ-ქმარი დააკავეს . არსებული ინფორმაცით, ტრაპიზონში, გოჩა საგინაძესთან ერთად, დაკავებულია მისი მეუღლე მარიამ ვაშაყმაძეც
მასალის გამოყენების პირობები






