„დღეს ჩვენ ცუდს არავის ვუკეთებთ. ეს ყველაზე მშვიდობიანი ადგილია, მაგრამ ზოგიერთებს სურთ, რომ ჩვენ ვიყოთ საზიანო ტერორისტები, ექსტრემისტები და ბევრი ცდილობს, რომ ეს იარლიყი მოგვაკეროს. თუ გინდათ, რომ პანკისში ტერორისტები არ იყვნენ, ნუ შექმნით ტერორისტებს. თუ თქვენ არ შექმნით ტერორისტებს, აქ ტერორისტები არ იქნებიან. თუ თქვენ გგონიათ, რომ ჩვენ გაყოფილები ვართ და ერთნი არ ვართ, დღეს კარგად ჩანს, რომ ჩვენ ერთიანები ვართ. თუ თქვენ ამბობთ, რომ უფროსებს არ უსმენენ, უფროსები აქ, ჩვენს წინ დგანან. თუ თქვენ ამბობთ, რომ ჩვენს შორის შუღლია, შუღლი რომ , აქ არ ვიდგებოდით. ძვირფასო ძმებო, საერთო აზრზე ვიყოთ, უფროსებს მოვუსმინოთ, უმცროსების აზრი გვერდზე არ გადავდოთ და უმცროსებსაც მოვუსმინოთ.“ - აღნიშნა თემურ ქავთარაშვილმა.
საპროტესტო შეკრების მონაწილეებს, სხვა გამომსვლელებთან ერთად, პანკისის სალაფიტური თემის იმამმა ბექხან ფარეულიძემაც მიმართა.
„დღეს ჩვენ აქ სამძიმარზე ვართ შეკრებილები. იმ გასაჭირის გამო შევიკრიბეთ, რაც დაგვემართა და რომელსაც არ ველოდით.
ღმერთი გვეუბნება, რომ ის კრძალავს თვითდაზიანებას და მერე უკვე ერთმანეთისთვის ზიანის მიყენებას. ღმერთი გვეუბნება, რომ ერთმანეთს ზიანი არ მიაყენოთო. იმ ხალხთანაც არ გვინდა ზიანი, ვისაც ჩვენი ღმერთისა არა სწამთ. უსამართლობა არ გვინდა ჩვენ. ის, რაც ჩვენ დღეს დაგვმართეს, ვფიქრობთ, რომ ზიანია.
ჩვენ გვინახავს, როგორ იჭერენ ხალხს, ბევრი სპეცოპერაციაც გვინახავს, დამნაშავეების დაჭერაც არ არის ახალი ამბავი, თუ რა თქმა უნდა, დამნაშავეა. ეს არის სახელმწიფო კანონმდებლობა და როგორც თავიდანვე აღვნიშნე, ეს ღმერთის კანონიც არის, დანაშაულს ნუ ჩაიდენთო.
დაპატიმრებაც გვესმის, მაგრამ შევიდნენ სახლში და ოქროსავით ახალგაზრდა ბიჭს შუბლში ესროდნენ და ადგილზე კლავდნენ, ეს არანაირი სპეცოპერაცია არ არის. მასეთი საქციელით ჩვენ ვერ შეგვაშინებენ .
ეს ახალი არ არის. ჩვენ დაღვრილი სისხლიც გვინახავს, ჩვენს მამებს და დედებსაც უნახავთ ბევრი სისხლისღვრა, გაჭირვებაც გვინახავს, ბევრი მკვლელობაც, კაცის მკვლელობის პატიებაც გვინახავს, მაგრამ ვერასდროს შევეგუებით როცა სახლში გვივარდებიან და იარაღით გვხოცავენ.
ამიტომაც შევიკრიბეთ. ჩვენ არ ვისხდებით ხელების შლით, ეს რა გააკეთესო, რატომ და როგორ გააკეთესო. ჩვენ გამოვალთ გარეთ, როგორც ახლა. ჩვენ შევიკრიბებით, წინ დავუდგებით როგორც შეგვიძლია, რისი ძალაც შეგვწევს.
ჩვენ დარწმუნებულები არ ვართ, რომ ასეთი დანაშაული ხვალეც არ დაგვემართება. ჩვენ არც იმაში ვართ დარწმუნებულები, რომ ხვალ რომელიმე ჩვენგანის სახლში იარაღს არ გვესვრიან.
ამიტომაც, ამ ხელისუფლებას მოვუწოდებთ და ვეუბნებით, რომ სახლში შემოსვლაზე, იარაღის სროლასა და სისხლისღვრაზე, მერე ხალხის მიტოვებასა და წასვლაზე, ჩვენ თვალებს ვერ დავხუჭავთ. რაც ჩვენს შორისაა, ბაიათი არის თუ არა, უთანხმოება გვაქვს თუ არა, ეს ჩვენი ოჯახია. რაც ჩვენს ოჯახშია, მაგას ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ ღვთის წყალობით. რაც ჩვენს ოჯახს ეხება, მაგაზე ჩვენ შევიკრიბებით, ჩვენ თვითონ მოვითხოვთ, ჩვენ თვითონ გავარჩევთ, ჩვენ მოვთხოვთ, მივცემთ, ავიღებთ, შევიწყალებთ, იმიტომ რომ ჩვენ მუსულმანები ვართ. ჩვენ შევძლებთ მივხედოთ ჩვენსას, მაგრამ სახლში შემოსვლაზე და იარაღის სროლაზე, ახალგაზრდა ბიჭების ხოცვაზე, ჩვენ ვერ გავჩუმდებით, ვერც სახლში ვისხდებით, უმოქმედოდ ვერ ვისხდებით. თუ ის დამნაშავეა, ის ბიჭი, ან სხვა ბიჭები თუ არიან დამნაშავენი, დილით ადრე კი არ უნდა შესულიყავით სახლში და იარაღი კი არ უნდა გესროლათ, არამედ რომ გეთქვათ ჩვენთვის, ჩვენ თვითონვე ჩამოვიყვანდით მაგათ, ჩვენ თვითონ ჩაგაბარებდით. საღამოს ტყიდან რომ ბრუნდებოდა, დაეძახათ მისთვის, ჩაესვათ მანქანაში და ისე წაეყვანათ, ან სხვანაირად მოქცეულიყვნენ. ამდენი, 90 ავტომობილით, შეიარაღებული ხალხით სახლებში შევარდნით ხომ არ გგონიათ რომ შეგვაშინებთ?! არ შევშინდებით, ვერც ადრე შეგვაშინეს, არც მერე გვეშინოდა.
ვთქვი, ბევრი იარაღიც გვინახავს, ახლა საკმარისია, საკმარისი!
თუ ისინი იმიტომ დააკავეს, რომ თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას დაუკავშირონ, მათი შემოსვლაც, მათი საქართველოში ყოფნაც, რაც თვითონ ჩაიდინეს, უნდათ სისხლიანი ხელები ჩვენ შეგვაწმინდონ, თავიანთი ბრალის გადასაფარად, ჩვენთვის იარაღის სროლა საჭირო არ არის.
ვიმეორებ, რაც დღეს დაგვემართა, იმის გარანტია არ გვაქვს, რომ ხვალეც არ დაგვემართება. შეიძლება ხვალეც იგივე დაგვატყდეს თავს. ამიტომ უნდა ვიყოთ ფხიზლად, ერთმანეთს უნდა გავუგოთ, თუ საჭიროა, გარეთაც უნდა გამოვიდეთ, სადაც სათქმელია სიტყვაც უნდა ვთქვათ, სადაც საჭიროა კაცობაც უნდა ვანახოთ, ვაჟკაცობაც უნდა დავანახოთ, სადამდეც ძალა მიგვიწვდება მაგისთვის ნაბიჯიც უნდა გადავდგათ. სადაც ძალა არ მიგვიწვდება, იქ უკან თუ დავიხევთ, ეგეც ვაჟკაცობაა. ამიტომ ძმებო, ჩვენი ამდენი ხალხის შეკრებაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საზიანო არ გვინდა".- განაცხადა პანკისის სალაფიტური თემის იმამმა ბექხან ფარეულიძემ.
პანკისში გუშინ საპროტესტო შეკრება გაიმართა, რომელსაც 1000-მდე ადამიანი ესწრებოდა. აქციის მონაწილეებმა პანკისში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმის მიერ, ერთ-ერთი დაკავებულის, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრა გააპროტესტეს. მაჩალიკაშვილს ჭრილობა თავის არეში აქვს. მას ოპერაცია ჩაუტარდა, რეანიმაციაში რჩება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
აქციის მონაწილეების თქმით, ხუთივე პირის დაკავება, ვინც სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს, "სახლებში სპეცრაზმის დაცემის" გარეშეც შეიძლებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






