IDFI საკონსტიტუციო სასამართლოს ადმინისტრაციული ხარჯების (2011-2017) შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
პოლიტიკა - 10:31, 27 Dec, 2017     1150

IDFI „ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს “საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის ხელშეწყობის პროექტს”, რომლის მიზანია სასამართლოს საქმიანობის ზოგადი მონიტორინგი და შეფასება, ასევე, პროფესიული დისკუსიების ხელშეწყობის გზით სასამართლოს შესახებ ცნობადობის გაზრდა საზოგადოებაში.


პროექტის ფარგლებში, 2017 წლის 11 აგვისტოს IDFI-მ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა 2012-2017 წლებში დასაქმებული თანამშრომლების და გაწეული სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით. საკონსტიტუციო სასამართლომ კვლევის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაცია IDFI-ს სრულყოფილად მიაწოდა.


მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ქვემოთ წარმოდგენილია 2012-2017 წლებში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების და აპარატში დასაქმებული თანამშრომლების შრომის ანაზღაურების, სამივლინებო, წარმომადგენლობითი, საწვავის მოხმარების და ავტოპარკის განახლებაზე გაწეული ხარჯების ანალიზი. კვლევაში, ასევე მიმოხილულია სასამართლოს აპარატის საკადრო პოლიტიკა.


საკონსტიტუციო სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფის და ადმინისტრაციული ხარჯების ანალიზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასამართლოში არსებული სუსტი ფინანსური კონტროლის ფონზე. კერძოდ, სასამართლოს განმარტებით 2014 წლიდან საკონსტიტუციო სასამართლოში არანაირი აუდიტორული შემოწმება არ ჩატარებულა.

დასაქმებული თანამშრომლები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, აპარატში დასაქმებულ თანამშრომელთა რიცხოვნობის ტენდენციების ანალიზისას, ასევე მნიშვნელოვანია წლების განმავლობაში სასამართლოსთვის მიმართვიანობის/დატვირთულობის შეფასება.

საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2012 წლის შემდეგ სასამართლოში შესული კონსტიტუციური სარჩელების და წარდგინებების რიცხვი ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იმატებს. მაგალითად 2012 წელს სასამართლოში დარეგისტრირდა 27 სარჩელი და წარდგინება, ხოლო 2016 წელს - 158. 2017 წლის საწყისი 8 თვის მდგომარეობით სასამართლოში დარეგისტრირებულია 384 სარჩელი და წარდგინება.

2012-2017 წლებში საკონსტიტუციო სასამართლოში მიმართვიანობის მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე, აპარატში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს. კერძოდ, 2012 წლის მდგომარეობით დასაქმებული იყო 101 საშტატო და 2 შტატგარეშე თანამშრომელი, ხოლო 2016 წლის მდგომარეობით - 76 საშტატო და 5 შტატგარეშე თანამშრომელი. 2017 წლის აგვისტოს მდგომარეობით მოქმედი საშტატო ნუსხის მიხედვით, აპარატში განსაზღვრულია 73 საშტატო ერთეული. თუმცა, იმავე პერიოდისათვის შტატით ფაქტიურად დასაქმებული იყო 53 თანამშრომელი, ხოლო შტატგარეშე თანამშრომელთა რიცხვი გაზრდილია 31-მდე.



მიუხედავად იმისა რომ, 2017 წლის მდგომარეობით დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, მოქმედი საშტატო ნუსხის ანალიზი, კვლავ ეჭვქვეშ აყენებს აპარატის სტრუქტურის ოპტიმალურ და ეფექტიან ფორმირებას. კერძოდ, აპარატის საშტატოს ნუსხა აერთიანებს 7 სხვადასხვა დეპარტამენტს, რომელთა შორის ვხვდებით ისეთებს, სადაც მისი ხელმძღვანელის ჩათვლით დასაქმებულ თანამშრომელთა რიცხვი მხოლოდ 3-ს უტოლდება. მაგალითად საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში საშტატო ნუსხით განსაზღვრულია მხოლოდ უფროსი და 2 მთავარი მრჩეველი, ადამიანური რესურსების დეპარტამენტში სულ 4 თანამშრომელი, პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში სულ 5 თანამშრომელი.


მგავსი მოცულობის სტრუქტურული ერთეულების დეპარტამენტის სტატუსით ფორმირება, წარმოშობს აპარატში დამატებით მაღალი თანამდებობის პირების საშტატო ერთეულებს, რაც ხელს უწყობს ბიუროკრატიული ხარჯების ზრდას.


შრომის ანაზღაურების ხარჯები

2012 წლის შემდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაფინანსება ყოველწლიურად გარკვეულწილად იზრდება. შედეგად, 2017 წლის ბიუჯეტის გეგმით გათვალისწინებულია 4,1 მილიონი ლარი, რაც დაახლოებით 60%-ით აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

საკონსტიტუციო სასამართლოს ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი (2011-2017 წლებში საშუალოდ 75%) მიემართება მოსამართლეების და აპარატის საშტატო თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის შემდეგ დასაქმებულ თანამშრომელთა ოდენობა კლებადი ტენდენციით ხასიათდება, სასამართლოს გაზრდილი დაფინანსების პირობებში ყოველწლიურად იზრდება შრომის ანაზღაურების ხარჯები. 2012 წელს შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი შეადგენდა 1 915,6 ათას ლარს. ეს თანხა ყოველწლიურად ეტაპობრივად იზრდებოდა და 2017 წლის გეგმით შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებულია 2 762 ათასი ლარი.

წლების განმავლობაში თანამშრომელთა ოდენობის კლების ფონზე, შრომის ანაზღაურების ხარჯების ზრდას, მნიშვნელოვნად განაპირობებდა როგორც ფიქსირებული ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების მატება, ასევე სასამართლოში არსებული პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის პრაქტიკა.

2014 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 7 000 ლარის ოდენობით, თავმჯდომარის მოადგილის და მდივნის - 6300 ლარით, ხოლო სასამართლოს წევრის - 6000 ლარით. ამ ცვლილებამდე თავმჯდომარის ანაზღაურება შეადგენდა 5 650 ლარს, მისი მოადგილის- 4 800 ლარს, ხოლო სასამართლოს წევრის - 4400 ლარს.

მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ყოველთვიური სარგო ერთ-ერთი ყველაზე მაღალია საქართველოს საჯარო სექტორში, როგორც მიღებული მონაცემები აჩვენებს 2012-2017 წლებში მოსამართლეებზე დამატებით აქტიურად გაიცემოდა პრემიები და სახელფასო დანამატები. ამ პერიოდში მოსამართლეებზე პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით ყველაზე დიდი თანხა გაცემულია 2014 წელს 502,8 ათასი ლარი. წინა წლებთან შედარებით 2014 წელს პრემიებისა და სახელფასო დანამატების მნიშნელოვანი ზრდა განაპირობა სასამართლოს თავმჯდომარის 2013 წლის 27 დეკემბრის ბრძანებით თითოეულ მოსამართლეზე ყოველთვიურად 4 335 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატის დანიშვნამ. 2014 წლის მიწურულს მოსამართლეების ყოველთვიური სარგოს ზრდის კვალდაკვალ, აღნიშნულ ბრძანებაში შევიდა ცვლილება და ყოველთვიური დანამატები გარკვეულწილად შემცირდა. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოველთვიური სახელფასო დანამატია 2985 ლარი, მისი მოადგილის და მდივნის 2835 ლარი, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის - 2735 ლარი.

2014 წლის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების ზრდის და სახელფასო დანამატების დანიშვნის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსამართლეთა ანაზღაურება. ამასთან, გარკვეული პერიოდულობით მოსამართლეებზე კვლავ შენარჩუნებულია თანამდებობრივი სარგოს ოდენობის პრემიის გაცემის პრაქტიკა. მოსამართლეების პრემიით დაჯილდოების გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. სამწუხაროდ, შესაბამისი სამართლებრივი აქტებიდან არ ირკვევა თუ რა გარემოებებით არის განპირობებული სასამართლოს თავმჯდომარის მიერ კონკრეტული მოსამართლის პრემიით დაჯილდოების გადაწყვეტილება.

2012-2013 წლებში სხვადასხვა მოსამართლეებზე წლიურად გაცემული პრემიის ოდენობა 20 ათასი ლარიდან 30 ათას ლარამდე მერყეობს, ხოლო 2014 წლის შემდეგ 9 ათასიდან 17 ათასამდე. სასამართლოს თავმჯდომარის მიერ კონკრეტულ მოსამართლეზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისას შესაბამისი დასაბუთების არ არსებობა აჩენს პრემიების არაობიექტური კრიტერიუმებით გაცემის მნიშვნელოვან რისკებს.

საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე განთავსებული დეკლარაციების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის შრომის ანაზღაურება 2012 წელს იყო 102 850 ლარი, ხოლო 2015 წელს 131 802 ლარი, თავმჯდომარის მოადგილის ზაზა თავაძის 2012 წელს იყო 83 600 ლარი, ხოლო 2016 წელს 129 628 ლარი. შრომის ანაზღაურების მნიშვნელოვანი ზრდა არის სხვა სასამართლოს წევრების შემთხვევაშიც. მაგალითად, თამაზ ცაბუტაშვილის შრომის ანაზღაურება 2012 წელს შეადგენდა 76 800 ლარს, ხოლო 2016 წელს - 121 028 ლარი. ლალი ფაფიაშვილის შრომის ანაზღაურება 2012 წელს იყო 60 600 ლარი, ხოლო 2016 წელს ეს თანხა დაახლოებით გაორმაგდა - 122 428 ლარი.


სრულად იხილეთ idfi.ge






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42