„დავიწყეთ სტრუქტურული რეფორმა, რომლის მიზანიც ბიუროკრატიის შემცირება და ეფექტური, მოქნილი მმართველობის განხორციელებაა“, - აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს, თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
კახა კალაძის თქმით, ამ მიზნით, თბილისის მთავრობის მიერ შექმნილი 19 კომისია გაუქმდა. კონკრეტულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს კი, მერიის შესაბამისი სამსახურები და დაქვემდებარებული უწყებები გაცილებით ნაკლებ დროში და უფრო ეფექტურად მიიღებენ.
თბილისის მერმა ბოლო თვენახევრის განმავლობაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები შეაჯამა.
კახა კალაძემ დაწყებული პროექტებიდან ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია გამოყო და აღნიშნა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე აშენდება ავტოსადგომი, მოეწყობა საფეხმავლო ქუჩები და დაიწყება უნიკალური შენობა-ნაგებობების რესტავრაცია-გამაგრება.
„აღნიშნული პროექტის განხორციელება დაახლოებით, 52 მილიონი ლარი ჯდება და 2 000 ადამიანი იქნება დასაქმებული. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა, რომლებიც იქ წლებია ცხოვრობენ, თავი კომფორტულად იგრძნონ და რაც მთავარია, უსაფრთხოდ. იცით, რომ იქ არსებული შენობა-ნაგებობების მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა და რეაბილიტაციის შემდეგ, ჩვენს დედაქალაქში ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება “, - განაცხადა კახა კალაძემ და თბილისის განვითარების ფონდს, რომელიც ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციას ახორციელებს, მადლობა გადაუხადა.
მასალის გამოყენების პირობები






