„რამდენიმე წლის წინ, როცა გურამ ოდიაშარია გაათავისუფლეს, მისმა შემცვლემა, მიხეილ გიორგაძემ ბერიკაშვილი მოადგილედ აღარ დანიშნა. ამის გამო ქალბატონ მანანას სერიოზული დეპრესია დაეწყო. გიორგაძეს ვინ აღარ სთხოვა, რომ ბერიკაშვილი სამსახურში დაებრუნებინა, მაგრამ მინისტრმა, როგორც იტყვიან, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. ბოლოს, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, მანანას კულტურის სამინისტროში დაბრუნებზე ერთმა ცნობილმა ადამიანმა ბიძინა ივანიშვილის სთხოვა, რომელმაც გიორგაძე „შუშის სასახლეში“ დაიბარა და, პრინციპში, უბრძანა, რომ მანანა მოადგილის პოსტზე აღედგინა. ისე, თუ გახსოვთ, თავდაპირველად, როცა გიორგაძემ მოადგილეები წარადგინა, მანანა ბერიკაშვილი ამ ჩამონათვალში არ იყო,“ - უყვება „ნიუპოსტს“ წყარო.
ჩვენ, რასაკვირველია, დავინტერესდით, თუ რაში გამოიხატება მანანა ბერიკაშვილის „რუხი კარდინალობა“, რაზეც წყარომ რიტორიკულად გაიღიმა და გვითხრა, რომ კულტურის სამინისტროში ამ ქალბატონთან შეთანხმების გარეშე ჭიანჭველაც კი ვერ გაიჭაჭანებს.
„ახლა, კონკრეტული ფაქტები არ მაქვს, მაგრამ ყველა ე.წ. სარფიანი პროექტის კურატორი სწორედ მანანა ბერიკაშვილია და შესაბამისად, ისიც კი მსმენია, რომ ამ პროექტებით სერიოზული „ატკატები“ კეთდება,“ - ამბობს კონფიდენციალური წყარო და ამ კონტექტსში აქცენტს წიგნების ფრანკფურტის ბაზრობის სკანდალზე აკეთებს.
წყაროს თქმითვე, ზოგადად, წიგნების გამოცემაში დიდი ფული კეთდება. ამ „ფულის გაკეთების“ სქემა კი, როგორც ამბობენ, დაახლოებით ასეთია: კულტურის სამინისტრო მსოფლიოს რომელიმე ქვეყნის არცთუ ცნობილ გამომცემლობასთან გარკვეულ კომუნიკაციას იწყებს და სთავაზობს, რომ ამა თუ იმ ქართველი ავტორის წიგნი გამოსცეს.
„ეს პროცედურა ნორმალურია, მაგრამ არანორმალური, ჩემი აზრით, ის არის, რომ ერთიდაიგივე ავტორი ბოლო წლებში რამდენიმეჯერ გამოიცა, თან ეს ავტორი პოპულარული მაინცდამაინც არ არის. ამიტომაც, პირადად მე, მიჩნდება ეჭვი, რომ კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები იგივე ამ ავტორებთან შედიან გარიგებაში, ანუ მგონია, რომ წიგნის გამოცემა რეალურად, იაფი ჯდება, მაგრამ ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა უცხოურ გამომცემლობას ერიცხება. ასევე, რაღაც თანხა ავტორთან მიდის, დანარჩენი ფინანსებს კი ისინი ინაწილებენ, ვინც იგივე კულტურის სმაინისტროში ამ სფეროს კურირებენ,“ - ამბობს წყარო, რომლის ეჭვს ის გარემოებაც აძლიერებს, რომ ბოლო მონაცემებით კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტს ჩამოშორდა. ამის შესახებ მედიას ინფორმაცია წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებთა ასოციაციის დირექტორის მოადგილე გვანცა ჯობავამ მიაწოდა. ოფიციალური განცხადება სავარაუდოდ ორშაბათს გაკეთდება.
ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც მწერლებისა და გამომცემლების ნაწილმა მანანა ბერიკაშვილი ზეწოლაში ამხილეს და განაცხადეს, მინისტრის მოადგილე ჩვენს საქმიანობაში ერევაო. ამასთან, წიგნის ცენტრის დირექტორმა, დეა მეტრეველმა კულტურის მინისტრს მიმართა, რომ წიგნის ცენტრს, რომელიც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობას ორგანიზებას უწევს, მხოლოდ ლიტერატურული ნაწილი დაუტოვონ, ტექნიკური ნაწილი კი კულტურის სამინისტრომ გადაიბაროს.
შეგახსენებთ, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018 წლის ოქტომბერში იმართება და მასში საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. 2014 წლიდან, ამ პროგრამისთვის მზადება წიგნის ცენტრს აქვს ჩაბარებული, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოვლენებს მანანა ბერიკაშვილი კულუარებიდან მართავდა. პირველ ეტაპზე, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დეა მეტრეველის წინადადება გათვალისწინებას არ აპირებდა, თუმცა საბოლოო, შეთანხმება შედგა და ბერიკაშვილი წიგნების ბაზრობას ჩამოშორდა.
აქედან გამომდინარე, კულტურის სფეროს წარმომადგენლები პირად საუბრებში იმედოვნებენ, რომ კულტურის სამინისტროზე მანანა ბერიკაშვილის გავლენა ნელ-ნელა შემცირდება და კულტურის სამინისტრო დაქალ-ძმაკაცების დასაქმების სააგენტო კი აღარ იქნება, არამედ, რეალურად, საქმეს გააკეთებს და ქართული კულტურის სამსახურში ჩადგება.
მასალის გამოყენების პირობები






