დევნილი ოჯახები საცხოვრებელი ფართების გადაცემას ითხოვენ და სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიებს აპროტესტებენ. გორში დევნილები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბინების უსამართლოდ გადანაწილებაში ადანაშაულებენ.
ისინი აცხადებენ, რომ სიაში იყვნენ, თუმცა საცხოვრებელი ფართით ვერ დაკმაყოფილდნენ. ქალაქის ადმინისტრაციულ შენობასთან ამ წუთებში დაცვის პოლიციაა მობილიზებული.
დევნილთა სამინისტრომ გუშინ გამოაქვეყნა იმ დევნილების სია, რომლებიც გორში აშენებული მრავალსართულიან კორპუსებში 1, 2 და 3 ოთახიან ბინებს მიიღებენ.
ადმინისტრაციულ შენობაში შეკრებილები აცხადებენ, რომ სიების შედგენა უსამართლოდ მოხდა და ათობით ისეთი ადამიანი დარჩა უბინაოდ, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ წელს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდებოდა.
აღნიშნულ დევნილებს საკუთარი სახლების დატოვება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 90-იან წლებში მოუხდათ. ამ წლების განმავლობაში კი ნათესავებთან, ყოფილი სასტუმროების შენობებში და სხვადასხვა ფართში ცხოვრობდნენ. დევნილები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე სამინისტროს წარმომადგენლები არ შეხვდებიან და კონკრეტულ პასუხს არ გასცემენ.
მასალის გამოყენების პირობები






