"რუსთავი 2"- ის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით დადებულ ხელშეკრულებას ქართულმა და შვეიცარულმა მხარეებმა ხელი 2 დღის წინ მოაწერეს. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ჯერი ახლა რუსეთზეა, რომელმაც ასევე უნდა მოაწეროს ხელი ანალოგიურ შეთანხმებას.
პრემიერის განცხადებით, ფორსმაჟორული სიტუაციებში ტვირთები ლარსის ნაცვლად როკის გვირაბის და ცხინვალის გავლით იმოძრავებენ და მესამე ქვეყნის ტვირთებიც გაივლის ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის გავლით.
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ ეს ხელშეკრულება არ ითვალისწინებს რეგულარული ტვირთების გადატანას.
„ქართულმა მხარემ შვეიცარულ კომპანიასთან ხელი მოაწერა დამატებით კომერციულ შეთანხმებას, რომელიც არის განსაზღვრული 2011 წლის ძირითადი შეთანხმებისგან,“ - განაცხადა ქუმსიშვილმა.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე აღნიშნავს, რომ სწორედ საქართველოზეა დამოკიდებული, რა ტიპის ტვირთები იმოძრავებს ამ კორიდორში.
„ეს არის დამოკიდებული საქართველოს გადაწყვეტილებაზე, რა ტიპის ტვირთები იმოძრავებს ამ კორიდორში, რა დროს, რა რეგულარობით და რა შემთხვევაში. ეს არ არის დაკავშირებული SGS-თან. SGS არის ვალდებული, აღრიცხოს ყველა საერთაშორისო ტვირთი, რომელიც გადაადგილდება კორიდორში,“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ჯანელიძის თქმით, ერთ-ერთი კორიდორი ცხინვალის ტერიტორიაზე იქნება.
„კორიდორები, რომელიც შეთანხმდა 2011 წელს, ეს გულისხმობს, ერთი, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელიც ასევე, ზუგდიდამდე, თუ არ ვცდები, ერთი გეოგრაფიული კოორდინატი. მეორე, არის ლარსზე და მესამე, არის უკვე ის, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომელიც გადის ცხინვალის ტერიტორიაზე,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გრიგოლ ვაშაძე რუსეთთან საბაჟო ურთიერთობების შესახებ შვეიცარულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებას "ნიუპოსტთან" აფასებს:
მისი თქმით, „თუ ვინმე ეცდება, რომ ეს კორიდორები გამოიყენოს მესამე ქვეყნისთვის, ეს იქნება ამ შეთანხმების არსის და სულისკვეთების დარღვევა.
„თუ საქართველომ დაუშვა ის, რომ გაატარებს სომხეთის ტვირთებს, ამ გადაწყვეტილებას არავითარი კავშირი არ ექნება ამ შეთანხმებასთან,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხელისუფლებას შვეიცარულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ.
გრიგოლ ვაშაძე აღნიშნავს, რომ მესამე ქვეყნის მიერ აღნიშნული კორიდორის გამოყენება 2011 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში არ იყო ასახული. გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას არა მხოლოდ შვეიცარულ კომპანიასთან, არამედ „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.
„შეთანხმება ითვალისწინებს, მხოლოდ და მხოლოდ, საქართველოს-რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ვაჭრობას. ამ თავლსაზრისით, მე პირადად, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რომ საქართველომ სამივე კორიდორი გამოიყენოს თავისი ვაჭრობისთვის,“ – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, სერგი კაპანაძე აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების მთავარ არსს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოხვედრილი ტვირთების კონტროლი წარმოადგენდა.
„ამ ხელშეკრულების მთავარი არსი არის ის, რომ საქართველომ მიიღოს ინფორმაცია, რუსეთიდან რა ტვირთები შედის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რა გადის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში ანუ არალეგალური ვაჭრობა, რაც ხდება ამის შესახებ უნდა მიგვეღო ინფორმაცია შვეიცარელი მონიტორების საშუალებით, ეს იყო მთავარი არსი,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






