პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად ემზადება, ოპოზიციური პარტიები პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერას არ გეგმავენ. გუშინდელი დაძაბული და ხმაურიანი დღის შემდეგ, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მთავრობის წარმომადგენლებს კვლავ მოუწევთ ოპოზიციის კრიტიკული კითხვებისთვის პასუხის გაცემა
პრეზიდენტის განკარგულებით, რიგგარეშე სესია 12:00 საათზეა მოწვეული და დღის წესრიგის პირველი და მთავარი საკითხი სწორედ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაა.
გუშინ კი დაპირისპირება “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციასთან შეხვედრაზე მოხდა:
„პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც მანამდე დავარცხნილი იმიჯი ჰქონდა ბოლომდე ჩამოიხსნა მასკა. ის სხდომიდან გაიქცა ქუჩური გინებით და ქუჩური მუქარით. მას არ ჰქონდა პასუხი არცერთ კითხვაზე, რომელიც მას დაუსვეს. ეს ხელისუფლება არის ხელისუფლება, რომელიც ვერასდროს ვერ დაამარცხებს კრიმინალს, ვინაიდან თავად არის კრიმინალური მენტალიტეტის მატარებელი, “-აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.
პრემიერს აკრიტიკებენ "ევროპულ საქართველოშიც":
„გუშინდელმა განხილვებმა აჩვენა ის, რაშიც ჩვენ დარწმუნებული ვართ ისედაც, რომ ეს მთავრობა და ეს კაბინეტი და შემადგენლობა არ პასუხობს იმ გამოწვევებს და იმ მოთხოვნებს, რომელიც საქართველოს საზოგადოებას გააჩნია,“-აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი კი პრემიერის გადადგომის აუცილებლობაზე საუბრობს.
მასალის გამოყენების პირობები






