„უბედური შემთხვევა მოხდა. გარდაცვლილია სამი ადამიანი. იმ ოჯახებს, რომლებიც წუხანდელი ხანძრის შედეგად დაზარალდნენ, ზარალი აუნაზღაურდებათ“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში, მეგობრობის გამზირის მეორე გასასვლელის #3 საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, აღნიშნული კორპუსის მე-5 სადარბაზოში, პირველ სართულზე ერთოთახიან ბინაში, მცხოვრები 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, კორპუსის მე-4 და მე-5 სართულზე მცხოვრები 57 წლის მამაკაცი და 30 წლამდე ასაკის ქალბატონი კი კვამლით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალნენ.
კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს ერთი ქალი, რომელიც მეზობლების ინფორმაციით, ხანძრის დროს ფანჯრიდან გადმოხტა და ფეხი მოიტეხა. მას დღეს ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.
კვამლის ინტოქსიკაციით, წუხელ გვიან ღამით, რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს სამი მცირეწლოვანი ბავშვი, ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ დროისთვის სახლში იმყოფებიან.
მასალის გამოყენების პირობები






