ბიუროს სხდომა - დღეს ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი მაუწყებლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები იქნება. ცვლილებები უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ უკვე განიხილა. ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსების შესაძლებლობას აძლევს.
„მაქსიმალურად კანონის რედაქცია უნდა მოექცეს ისეთ ჩარჩოებში და ამისთვის ყველაფერი კეთდება, რომ ეს ორი ამოცანა ერთმანეთს არ დაუპირისპირდეს და საბოლოო ჯამში, ჩვენ საზოგადოებრივი მაუწყებელიც გვყავდეს, რომელიც თავის მიზნებს შეასრულებს და არც კომერციულ ტელევიზიებს არ გაუჩნდეთ არანაირი უკმარისობის განცდა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებაში ისინი არათანაბარ პირობებში დგებიან,“ - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებისკენ მოუწოდებენ.
„უკიდურესად უსუსური და სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა და დარგობრივი ეკონომიკის ყველა წევრს შეულახეს ღირსება. ვინაიდან, ამ კომიტეტის წევრების 100%-იანმა შემადგენლობამ უარყოფით შეფასება მისცა ამ კანონპროექტს და იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ამას დაადებს ვეტოს,“ - აცხადებს "ენმ"-ის წევრი რომან გოცირიძე.
„ევროპული საქართველოს“ წევრები კი კორუფციის რისკებზე ამახვილებენ ყურადღებას:
„სერიოზული პრობლემაა სამი მიმართულებით, პირველი არის თავისუფალი მედიისთვის სარეკლამო ბაზრის შეზღუდვა, მეორე, ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელიც კორუფციონიზმთან და პროტექციონიზმთან არის დაკავშირებული და მესამე, ეს არის სრულიად უცნაური რამ, რაც არის ბორდის ინტერესების შემცირება,“ - ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი.
მასალის გამოყენების პირობები






