სემეკ-ში დავით ნარმანიას დანიშვნა - დედაქალაქის ყოფილი მერი პარლამენტის გადაწყვეტილებას ელოდება. თავად ნარმანია დარწმუნებულია, რომ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო აღნიშნულ წინადადაებას დათანხმდება. ოპოზიცია კი ამ საკითხს სკეპტიკურად უყურებს:
“დავით ნარმანიას დანიშვნა ამ თანამდებობაზე, ეს ნიშნავს ჩვენი მოსახლეობის დაცინვას. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაუფასა მას თბილისელების ერთ ლარად გადაცემული ქონება და გაეშვა მრავალათასიან პენსიაზე. ეს მოასწავებს დიდ უბედურებას ენერგეტიკაში,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ.
ამ გადაწყვეტილებას ასევე აკრიტიკებს პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
“მისი ამ მაღალ ხელფასიან პოზიციაზე დაბინავება არის გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ საზოგადოების ინტერესების ხარჯზე, "ქართული ოცნების" წარუმატებელი მაღალჩინოსნები მაინც მოთავსდებიან თბილ ადგილებზე,“ - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






