ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრა საკრებულოს სხდომაზე 16:00 საათისთვის დაიწყება. განხილვას სავარაუდოდ, თბილისის მერი და დედაქალაქის მთავრობის სხვა წევრები დაესწრებიან.
მომავალი წლის ბიუჯეტი 861 ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამ თანხის თითქმის ნახევარი დედაქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის არის გათვლილი.
„ის 15 მილიონი, რომელიც არის საქონლისა და მომსახურების მუხლში გაზრდილი, ეს არის ერთის მხრივ 5 მილიონი, რომლითაც ფინანსდებოდა უსაფრთხოების სამსახური და შრომის ანაზღაურებაში ფიქსირდებოდა და ახლა გადმოვიდა ამ მუხლში და დარჩენილი მოხმარდება 5 მილიონი გზების რეაბილიტაციას, 2 მილონი არის სასწრაფოს აღჭურვილობა და გაძვირებული საწვავის კომპენსირება, მილიონ ნახევარი, ეს არის განათება და ასევე არის 2 მილიონი, რომელიც არის გზების ინფრასტრუქტურის მოწყობა,“ - განმარტავს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის” წევრი ირაკლი ზარქუა.
ბიუჯეტს ოპოზიცია სავარაუდოდ მხარს არ დაუჭერს.
„ჩვენი ინიციატივა იყო, რომ გაუქმებულიყო ბიუროკრატიული ხარჯები, მაღალი თანამდებობის პირებზე და ჩინოვნიკებზე სხვადასხვა ფუფუნების საგნები და აღნიშნული თანხები მოხმარებოდა ყველაზე გაჭირვებულ ფენებს,“ - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი დავით ჟღენტი.
ენმ-ს წევრის ლევან ხაბეიშვილის თქმით, მათი ძირითადი პრეტენზია ბიუროკრატიულ ხარჯებს ეხება.
„იმ ბიუჯეტს, რომელიც სოციალური მიმართულებით ფაქტობრივად ზრდას არ ითვალისწინებს და მომავალ წელს 1.13 ლარად აპირებენ ადამიანების გამოკვებას, ის, რომ ბიუროკრატია არ მცირდება, ამაზე ჩვენ პასუხისმგებლობას ნამდვილად ვერ ავიღებთ,“ -აცხადებს "ენმ"-ის წევრი ლევან ხაბეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






