„ევროპული საქართველო“ „ქართულ ოცნებას“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. როგორც დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა განაცხადა „ქართული ოცნება“ არა მარტო თანამონაწილეა იმის, რაც დღეს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ უკრაინაში ხდება, არამედ დევნის პროცესს სწორედ საქართველოს მმართველმა გუნდმა ჩაუყარა საფუძველი. რატიანის თქმით საქართველოში არსებულ პოლიტიკურ დევნაზე უთითებს სტრასბურგიც და ეს სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებში ჩანს:
სამწუხაროა, რომ ამ პროცესებში „ქართული ოცნება“ არა მხოლოდ თანამონაწილეა, არამედ სათავე დაუდო პოლიტიკურ დევნას მიხეილ სააკაშვილის და სხვა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. თქვენ აზიანებთ ქვეყნის იმიჯს და აბრუნებთ ქვეყანას პოსტსაბჭოთა ჭაობში. ეს არის ძალიან მძიმე.თქვენ მოახერხეთ და ერთი წლის განმავლობაში სტრასბურგის ადამიანის ევროპულმა სასამართლომ ორჯერ გამხილათ და მიგითითათ, რომ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, ერთხელ როდესაც მოხდა „რუსთავი 2“-თან მიმართებაში და ასევე, ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში. ქვეყანა, რომელიც აწარმოებს პოლიტიკურ დევნას, ქვეყანა, სადაც არიან პოლიტპატიმრები, ის ხელისუფლებები ამთავრებენ ცუდად,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






