აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა - აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის წიანსაარჩევნო პროგრამაში აღნიშნული საკითხი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა. მიუხედავად იმისა, რომ იერუსალიმის საკითხი 1967 წლიდან აშშ-ის თითოეული პრეზიდენტის დღის წესრიგში იდგა და თითოეული მათგანი გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობას თავს არიდებდა, დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო დაპირებას მიანიჭა უპირატესობა და ამისათვის საკმაოდ სარფიანი დროც შეარჩია. მაშინ, როცა თურქეთსა და საუდის არაბეთს გარკვეული პრობლემები აქვთ, თურქეთს სირიასთან მიმართებით, საუდის არაბეთს კი ქვეყნის შიგნით, ირანს კი არ აწყობს პრეზიდენტ ობამასთან მიღწეული შეთანხმების რისკის ქვეშ დაყენება, რომლის მიხედვითაც ირანს აშშ-იმ სანქციები მოუხსნა. მათი მხრიდან ტრამპის გადაწყვეტილების მკაცრი კრიტიკა ამ ფონზე სავარაუდოდ მოსალოდნელი არ არის, ისრაელი კი ტრამპის გადაწყვეტილებას და მოწოდებას ზეიმობს.
მიმდინარე მოვლენებს „ნიუპოსტთან“ საუბრისას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი აფასებს:
„ეს საკითხი საკმაოდ რთული და მნიშვნელოვანია, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ტრამპმა შეასრულა თავისი წინასაარჩევნო დაპირება, ეს იყო მისი წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. ამ მესიჯით ის აწარმოებდა ურთიოერთობას არა მხოლოდ ებრაულ დიასპორასთან, არამედ კონსერვატიულ და ქრისტიანულ დიასპორასთანაც. იერუსალიმის საკითხი ამერიკის პოლიტიკაში არის საკმაოდ დიდი ხნის თემა. 1967 წლის შემდეგ, როდესაც ომი ისრაელს არ დაუწყია, მაგრამ მისი სრული გამარჯვებით დასრულდა, იერუსალიმის თემა ამერიკის ყველა პრეზიდენტის დღის წესრიგში იდგა. 6 თვეში ერთხელ თეთრი სახლი გამოსცემდა სპეციალურ დოკუმენტს, რომლითაც 6 თვით ხდებოდა ამ საკითხის გადაწყვეტის გადავადება. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ყველა პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, ყველა ერიდებოდა გადაწყვეტილების მიღებას. ისინი ამბობდნენ, რომ აღიარებით აშშ-ს შეექმნებოდა პრობლემა როგორც შუამავალს, ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის მოლაპარაკებებში. ამერიკა კი ძალიან დიდ როლს თამაშობს იმ მოლაპარაკებებში, რომლებიც მიმდინარეობს ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის, რათა პალესტინის საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტა მოხდეს.
ტრამპმა გადაწყვიტა, რომ მისთვის უფრო მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო დაპირების შესრულება. ეს არ იყო ემოციური გადაწყვეტილება, დრო, რომელიც მან შეარჩია, ყველაზე კარგი იყო. ამ გადაწყვეტილებას მტკივნეულად მიიღებს არაბული სამყარო, ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე, რომელიც ნეგატიურად მიიღებს მას, არის ირანი, ტრამპი თავისი პრეზიდენტობის პირველივე დღიდან მუდმივად საუბრობს იმაზე, რომ ის შეთანხმება, რომელიც დაიდო ობამასა და ირანს შორის, რომლის მიხედვითაც სანქციები მოეხსნა ირანს, უნდა გადაიხედოს. ტრამპი მუდმივად აგზავნის მესიჯებს, რომ ის ეძებს საბაბს, რათა გადაიხედოს ირანთან შეთანხმება. ამ სიტუაციაში, როდესაც ირანსაც კარგად ესმის ეს ყველაფერი, შეზღუდულია თავის რეაქციებში. ასევე ძლიერი მოთამაშეები თურქეთი და საუდის არაბეთი, ისინიც შეზღუდულები არიან, აქედან გამომდინარე, ყველა ის მოთამაშე, რომლებიც ნეგატიურად მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, ასეთი უნიკალური მომენტი ტრამპს აღარ ექნებოდა.
ეს საკითხი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო „ჩაის პარტიისთვისაც“, რომელიც რესპუბლიკური პარტიის შემადგენელია და ეძახიან ულტრამემარჯვენე-რესპუბლიკელებს. ეს ულტრა-ქრისტიანული ნაწილი ასევე ითხოვდა ამ გადაწყვეტილების შესრულებას“, - აღნიშნავს შაშკინი.
რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, შაშკინის თქმით, საქართველომ საკუთარი პოზიცია ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პოზიციას უნდა მიაბას, რადგან არ მოხდეს ისრაელის გაღიზიანება, რადგან ისრაელი, ასევე თურქეთიც საქართველოს ტრატეგიული პარტნიორები გახლავთ, საუდის არაბეთს კი მრავალი ინვესტიცია აქვს ჩვენს ქვეყანაში. შაშკინი მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფრთხილი საგარეო პოლიტიკა უნდა აწარმოოს და ეს თემა ევროპელ პარტნიორებთან ერთად უნდა გადაწყვიტოს:
„ჩვენ გვაქვს მუდმივი ურთიერთობები ისრაელთან, ის არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ასევე მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს თურქეთთან, რომელიც ასევე არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ძალიან დიდი ინვესტიციები აქვს საუდის არაბეთს საქართველოში. ახლა საქართველოს მთავრობისთვის არ არსებობს ცალსახა გზა, რომლითაც ის შეძლებს ძალიან სახიფათო თემიდან გამოსვლას, ზუსტად ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური მუშაობა. რამდენიმე განცხადება, რომელიც გაკეთდა სამთავრობო გუნდის მხრიდან, შორს არის იმისგან, რომ ვიფიქროთ რაღაც სტრატეგია აქვთ. ისე, რომ არ გავაღიზიანოთ არც ისრაელი და არც ჩვენი არაბი პარტნიორები, ძალიან ფრთხილად უნდა ვაწარმოოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკა. ყველაზე მარტივი გზა იქნება საქართველოსთვის, მიაბას საკუთარი პოზიცია ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პოზიციას. გამოსავალს თუ ეძებს საქართველოს ხელისუფლება, ასე უნდა მოიქცეს.
ამერიკის შეერთებული შტატები პარტნიორებისგან არ ითხოვს ამ გადაწყვეტილების მიღებას, ევროპიდან მხოლოდ ჩეხეთმა მიიღო ეს გადაწყვეტილება ჯერჯერობით, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ რომ აშშ-ისგან ზეწოლა საქართველოზე არ იქნება. საქართველომ სწორედ ამიტომ ევროპელ პარტნიორებთან ერთად ფრთხილად უნდა გადაეყვიტოს ეს საკითხი და არ დაუშვას მკვახე განცხადებების გაკეთება“, - განმარტავს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
მასალის გამოყენების პირობები






