ცნობისთვის, გუშინ გაჩეჩილაძემ და „სიტროენ ჯორჯიას“ ადვოკატებმა სპეციალური ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ სახელმიფოსა და კერძო კომპანიებს შორის შეთანხმებით, ათეულობით მილიონი ლარის ზარალი სახელმწიფოს ადგება. „სიტროენ ჯორჯია“ კონკრეტულ კომპანიებს უჩივის, რომლის სათავეშიც, მათი თქმით, სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დგას.
საინტერესოა ისიც, რომ კომპანია „სიტროენ ჯორჯია“ საქართველოში გიორგი გაჩეჩილაძის სიძემ, გიორგი შარაშიძემ შემოიყვანა.
მომღერალ „უცნობის“ თქმით, სახელმწიფო ტენდერებში კარტელურ გარიგებებზე აქამდე იმიტომ არაფერი უთქვამს, რომ არ შეეძლო, ფაქტებით ესაუბრა, ახლა კი, როდესაც საქმე უშუალოდ მის სიძეს შეეხო და სიტუაციაში ბოლომდეა გარკვეული, შეუძლია, ფაქტებით იდაოს.
მეგობრისა და თანამოაზრეს საჯარო ბრალდებებმა გაანაწყენა ქვეყნის პრემიერი. კვირიკაშვილი გიორგი გაჩეჩილაძეს უპირისპირდება და სასამართლოს გზით ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში, თანამდებობის დატოვების პირობას დებს.
მთავრობის მეთაური ამბობს, რომ „ხეჩიკაშვილი ღირსეული ადამიანია, რომელსაც ბიზნესი და სახელმწიფოებრივი საქმიანობა ერთმანეთში არასდროს აურევია“.
„ნიუპოსტი“ გია გაჩეჩილაძეს დაუკავშირდა.
„გამოვიდეს ნოდარ ხადური და ამიხსნას, თუნდაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში 21-მილიონიანი ტენდერი უკონკურენტოდ რატომ ჩატარდა.თუ ამიხსნეს, მოვუხდი ბოდიშს,“ - გვითხრა მომღერალმა პირველივე კითხვის საპასუხოდ, როცა პრემიერის განცხადების შეფასება ვთხოვეთ. .
გია გაჩეჩილაძეს უკვირს, რატომ იცავს პრემიერი ხეჩიკაშვილს მაშინ, როცა „არც კი იცის, რომ საქმე სასამართლოშია“.
„იცის გიორგიმ, რომ სხვებისგან განსხვავებით, არც ბოდიშის მოხდა და არც მადლობის გადახდა არ მიჭირს. უბრალოდ, დამისაბუთოს კონკურენციის სააგენტომ, რატომ ჩატარდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 21 მილიონზე მეტი ლარიანი ტენდერები უკონკურენციოდ. რატომ მოხდა ისე, რომ მასში მხოლოდ ერთი კომპანია იღებდა მონაწილეობას. თუ ამას არგუმენტირებულად დამისაბუთებენ, მუხლებზე დავუდგები და ისე მოვუხდი ბოდიშს,“ - აცხადებს გაჩეჩილაძე.
„უცნობის“ თქმით, ტენდერებთან დაკავშირებით სასამართლოში დავა მიმდინარეობს, გუშინ კი კონკურენციის სააგენტოს მიმართა.
„არ შეიძლება, რომ კონკურენციის სააგენტოდან დოკუმენტაცია გამოიეწვიონ და დასკვნა დაიდოს? წინა წლებს აღარ დავეძებ, დამისაბუთონ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რატომ იღებდა მხოლოდ ერთი კომპანია ტენდერებში მონაწილეობას. ეს კომოპანიები ახალს არავის უშვებენ ბაზარზე. სასამართლოში სამე მაქვს შეტანილი და მეორე მოსმენაა, მაგან ისიც კი არ იცის... ხადურის უწყებამ კი, კეთილი, ინებოს და გამცეს კონკრეტულ კითხვებზე პასუხი. ჩემს სიმართლეს ბოლომდე დავიცავ და თუ ბოდიშია მოსახდელი არ მერიდება, იმასაც მოვიხდი,“ - უთხრა „ნიუპოსტს“ გაჩეჩილაძემ.
მისივე თქმით, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა ბოლო ერთი წლის განმავლობაში საერთოდ არ ჰქონია. „უცნობი“ ამბობს, რომ პრემიერმა არც მის სატელეფონო შეტყობინებასაც უპასუხა.
მასალის გამოყენების პირობები






