უკრაინული მედია აქვეყნებს ე.წ. "კურჩენკო სააკაშვილის ჩანაწერების პირველი ექსპერტიზის შედეგებს და აცხადებს, რომ გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს მიერ წარმოდგენილი აუდიჩანაწერი რამდენიმე ფრაგმენტისაგან შედგება, დამონტაჟებულია და არ შეიძლება სასამართლოში დამამტკიცებელ საბუთად წარსდგეს.
ტელეკომპანია ZIK-ის ჟურნალისტის ალექსეი ბრატუშაკის ცნობით, ექსპერტიზა კიევის დამოუკიდებელ სასამართლო ექპერტიზის ბიუროში ჩატარდა. იგი ფონოსკოპიის ექსპერტმა კირილ უსკოვმა ჩაატარა, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის 20 წლის სტაჟი აქვს.
"ჩანაწერები დამონტაჟებულია, მასში დაახლოებით 24 ფრაგმენტია, ეს არ შეიძლება სასამართლოში მტკიცებულებად გამოდგეს: ფრაგმენტი, სადაც არის გამონათქვამი ხარკოვის დაკავების შესახებ, სხვა საუბრიდანაა აღებული; "სააკაშვილ-კურჩენკოს" საუბარი სხვადასხვა საუბრების ელემენტების შეერთებითა გაკეთებული. ეს ფაქტიურად მულტფილმია," - აღნიშნულია მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაში.
"ამასთან, ყველაზე საეჭვო ის არის, რომ გენპროკურატურის წარმომადგენლები არ ამბობენ, რომ ეს მასალა დამონტაჟებულია. ეკრანის ზედა ნაწილს თუ დავაკვირდებით, იქ ოდნავ შესამჩნევად თარიღი ჩანს, რომელიც იცვლება. რეალურად ეს არის რაღაც საუბრების ფრაგმენტებია, რომელიც გაურკვეველ დროს, გაურკვეველ ვითარებაშია ჩაწრილი. პრობლემა ისაა, რომ ხალხს ეს ერთგვარი მტკიცებულების სახით წარუდგინეს, არადა ეს მტკიცებულება არაა," - აცხადებს ტელეკომპანიის ჟურნალისტი.
"ეპიზოდები, სადაც არის ე.წ. "სააკაშვილის ხმა", მოცულობით "ვერ ქაჩავს" იმისთვის, რომ მათი მეშვეობით კონკრეტული დასკვნის გაკეთება შეიძლებოდეს," - წერს ბრატუშაკი.
სტატიის ავტორი ასევე აქვეყნებს ჩანაწერის დინამიკურ სპექტროგრამას.
"დროის ხაზი (X), სიხშირის ხაზი (Y). რაც უფრო მუქია ფერი, მით მაღალია ამპლიტუდა. ამასთან ჩვენ ვხედავთ თეთრ ხაზებ, რაც ფრაგმენტების დასაწყისისა და დასასრული მაჩვენებელია." - აცხადებს ჟურნალისტი.

მასალის გამოყენების პირობები






