სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ ახალი საკანონმდებლო პაკეტი - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით საკანონმდებლო პაკეტი მზად არის და იგი პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სესიაშვილმა განაცხადა, რომ საკანონმდებლო პაკეტი ეფუძნება კონცეფციას, რომელიც პარტნიორებთან ერთად მომზადდა:
”თქვენს წინაშე წარმოდგენილი იქნება ძალიან ამბიციური და საინტერესო პროექტი, რაც მნიშვნელოვანწილად გააძლიერებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. პროექტის განხილვა უახლოეს პერიოდში დაიწყება”, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მისივე თქმით, ეფექტური რეფორმა შეეხო წვევამდელებს და ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს:
”საზოგადოებაში არსებობდა წუხილი, რომ ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები ნაკლებად დატვირთულ რეჟიმში ემსახურებოდნენ ქვეყანას. ჩვენც ვთლიდით, რომ აქ საჭირო იყო გარკვეული რეფორმის განხორციელება. ამიტომ წვევამდელებს შევთავაზეთ არამხოლოდ სოციალური პირობების გაუმჯობესება, არამედ ზუსტად იმ რეჟიმში ჩავაყენეთ, რომელშიც საკონტრატო სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებიან. ეს გულისხმობს იმას, რომ წვევამდელები გადიან პირველად სამხედრო მომზადებას, რომელიც არის ნატოს სტანდარტი და ერთ-ერთი გამორჩეული მომზადების პროგრამა. ჩვენი წვევამდელები საკონტრაქტო მოსამსახურეებთან ერთად გადიან ყველა იმ წვრთნასა და მომზადებას, როგორც ეს ძირითად საერთო არმიაში ხდება. ამასთანავე, წვევამდელები სარგებლობენ ზუსტად იმ რეჟიმით, როგორც საკონტრატო სამხედრო მოსამსახურეეები”, - განაცხადა სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მასალის გამოყენების პირობები






