ადვოკატთა ასოციაცია, ორგანიზაციაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ პროცესმა დარღვევების გარეშე ჩაიარა და სრული წესების დაცვით ჩატარდა.
"მოგახსენებთ, რომ 2017 წლის 9 დეკემბერს ქ. თბილისში სპორტის სასახლეში ჩატარდა ადვოკატთა ასოციაციის საარჩევნო კრება, რომელიც მიმდინარეობდა უსაფრთხოების წესის სრული დაცვით, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას დაცული იყო საარჩევნო პროცესი და საარჩევნო პროცესის დროს საარჩევნო დარბაზში დენი არ ჩამქრალა. დამატებითი ინფორმაციის და შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ სპორტის სასახლის ადმინისტრაციას", - წერია ადვოკატთა ასოციაციის განცხადებაში.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვენ თავმჯდომარეობის კანდიდატები დავით ლანჩავა და ლევან ჯანაშია.
ადვოკატებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ასოციაციის წევრების თქმით, უცნობ ქალს ჩანთაში შემოხაზული ბიულეტენები ედო.
ჩატარდება თუ არა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური, ჯერჯერობით არ გარკვეულა. წესდების მიხედვით, გადაწყვეტილება მეორე ტურთან დაკავშირებით საარჩევნო კომისიის წევრებმა უნდა მიიღონ.
თუმცა, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების დიდი ნაწილი არა მეორე ტურს არამედ მთლიანად არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






