მისი თქმით, სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
გარდა ამისა, ოპოზციონერი ხელისუფლებას მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთოს, იმისთვის რომ სააკაშვილი დაკავების იზოლატორიდან გათავისუფლდეს.
„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას.
"სააკაშვილის წინააღმდეგ სუფთა პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება, ამაზე საუბრობენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ევროპარლამენტარები, საერთაშორისო მედიასაშუალებები და სხვა.
ფაქტი ერთია, ჩვენ პრეზიდენტთმოძულე ქვეყანად ვყალიბდებით: პირველი პრეზიდენტი მოვკალით, მეორე პრეზიდენტი შინაპატიმრობაში გვყავდა, მესამე დაკავებულია. აქიდან გამომდინარე, ჩვენ თუ თავმოყვარეობა გვაქვს, არ აქვს მნიშვნელობა მოგვწონს თუ არა სააკაშვილი, ქვეყანამ მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვაზე უნდა იზრუნოს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ის გათავისუფლდეს იზოლატორიდან. სირცხვილია, როცა პრეზიდენტის ცუდით ვხარობთ, ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე ძალიან ცუდად აიასახება"- განაცხადა "ნიუპოსტთან" პაატა დავითაიამ.
მიხეილ სააკაშვილი მეორედ გუშინ, ღამე დააკავეს. ის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის იური პაკინბოროდას სახლში იმყოფებოდა.
უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდებასა და ელექტრონული სამაჯურის ტარებას მოითხოვს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ დაკავების პირველი მცდელობის დროს განვითარებული მოვლენების გამო პროკურატურამ კიდევ უფრო მკაცრი ზომები მოითხოვოს.
მასალის გამოყენების პირობები






