ეუთო-ს მეგობართა ჯგუფი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გაგრძელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს
პოლიტიკა - 18:31, 08 Dec, 2017     1241
ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნები საქართველოში არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

"განცხადება კეთდება კანადის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის, რუმინეთის, შვედეთის, ჩეხეთის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის სახელით.

ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ გამოვხატავთ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიზანმიმართული სწრაფვის ძლიერ მხარდაჭერას და ვაფასებთ ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას.

მივესალმებით საქართველოს წინსვლას დემოკრატიის კონსოლიდაციაში, ინსტიტუტების გამჭვირვალობის დონის ამაღლებაში, ადამიანის უფლებათა დაცვასა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში; რითაც იგი ჰქმნის ძალიან პოზიტიურ მაგალითს.

ვულოცავთ საქართველოს მთავრობასა და ხალხს 2017 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წარმატებით, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და საერთაშორისო ვალდებულებების დაცვით ჩატარებას. ჩვენ აღვნიშნავთ OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის წინასწარ შეფასებასა და დასკვნებს და ველით საქართველოს მთავრობისგან მათი რეკომენდაციების გათვალისწინებას, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ქვეყნის საარჩევნო გარემო.

კვლავაც შეშფოთებული ვართ, რომ გრძელდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ხაზს ვუსვამთ საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საჭიროებას გაერო-ს წესდების, ჰელსინკის დასკვნითი ოქმისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ფუნდამენტური ნორმების შესაბამისად.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, მათ შოის, გაიყვანოს სამხედრო შენაერთები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

მხარს ვუჭერთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, როგორც მნიშვნელოვან ფორმატს, რომლის ფარგლებშიც განიხილება 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგები. ხაზს ვუსვამთ დისკუსიების ძირითად საკითხებზე პროგრესის მიღწევის საჭიროებას, მათ შორის, ძალის არგამოყენების, ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების ხელშეწყობის საკითხებზე.

მივესალმებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაწეულ ეფექტურ სამუშაოსა და კონტრიბუციას ადგილზე დაძაბულობის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს სადამკვირვებლო მისიის შეღწევა საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. მხარს ვუჭერთ გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებს (IPRM). მოვუწოდებთ მონაწილეებს, გამონახონ შესაბამისი საშუალებები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საჭიროებების გადასაჭრელად.

გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო წვრთნების გახშირებასა და საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში რუსეთის მხრიდან სამხედრო ძალების მეტად გაძლიერებასთან დაკავშირებით. ვგმობთ გადაადგილების თავისუფლების, ცხოვრების, საკუთრებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების უხეშ დარღვევებს და ხაზს ვუსვამთ, რომ ე.წ. „ბორდერიზაცია“, რაც გამოიხატება ხელოვნური დაბრკოლებების აღმართვასა და საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებით გამაგრებაში, უფრო მეტად ამძიმებს ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია გაძლიერებული ეთნიკური დისკრიმინაცია საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. გამოვხატავთ შეშფოთებას საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის სოფელ ერედვში, ქართველ იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების მასობრივი განადგურების ბოლოდროინდელ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც განხორციელდა რუსული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში. ეს გახლავთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური ქართული მოსახლეობის კვალის სრული გაქრობისკენ მიმართული პოლიტიკის გამოხატულება.

მხარს ვუჭერთ იძულებით გადაადგილებულ პირთა ფუნდამენტურ უფლებას, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაუბრუნდნენ თავიანთი წარმოშობის ადგილებს.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმების შეღწევა.

მივესალმებით საქართველოს კონსტრუქციულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციისკენ, მათ შორის ისეთ ცალმხრივ ნაბიჯებს, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ძალის არგამოყენების ვალდებულების აღება და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობა. ასევე, მივესალმებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ჩართულობის მცდელობებს და მხარს ვუჭერთ ამ მიზნით, ჯანდაცვის, განათლებისა და გარემოსდაცვით სფეროებში კონკრეტულ პროექტებს.

მოვუწოდებთ ეუთო-ს, უფრო მეტად ჩაერთოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში და მხარს ვუჭერთ ნდობის აღდგენის მექანიზმების განხორციელებას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად და ნდობის აღსადგენად.

ასევე მივმართავთ ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებს, მიაღწიონ შეთანხმებას საქართველოში ეუთო-ს მრავალმხრივი მისიის აღსადგენად, განსაკუთრებით, მშვიდობიანი მოსახლეობის საკეთილდღეოდ. აღნიშნულ მისიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს შეუფერხებლად განახორციელოს მონიტორინგი. მისია მნიშვნელოვნად გააძლიერებს ეუთო-ს ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების საქმიანობაში და ასევე, ნდობის აღდგენის მექანიზმების განხორციელებაში.

საქართველოს მეგობარი ქვეყნები გამოხატავენ მზაობას, განაგრძონ მუშაობა ეუთო-სთან და საქართველოს ხელისუფლებასთან ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო, სამედიცინო, გარემოსდაცვითი და სხვა სახის შესაძლებლობების განვითარების მიზნით, კონტაქტების გასაუმჯობესებლად. მეგობარი ქვეყნები გააგრძელებენ საქართველოს კონფლიქტისა და მისი მშვიდობიანი გზით მოგვარების საჭიროების შესახებ ცნობადობის ამაღლებას"- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42