საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შოთა შალელაშვილის ღია წერილს, მთავრობის სხდომის დასრულეის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მისთვის მიუღებელია პრემიერისთვის მსგავსი ღია წერილებისა და განცხადებების მიწერა:
„უმრავლესობის წევრის მხრიდან საჯარო მომართვა იყო. უნდა ვთქვა, რომ უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილების და განცხადებების მიწერა პრემიერ-მინისტრისთვის, ჩემთვის არის მიუღებელი. ეს არის საკითხი, რომელზეც უნდა მოხდეს მსჯელობა და სახელმწიფომ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია. საკითხი არის ძალიან სენსიტიური და რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება მსჯელობა და საქართველო დააფიქსირებს პოზიციას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო კონიუნქტურის და იმ საფრთხების გათვალისწინებით, რომლებიც არსებობს რეგიონში. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე პატივს ვცემ ყველა დეპუტატს, მაგრამ უმრავლესობის მხრიდან ასეთი მოსაზრებების ასეთ სენსიტიურ საკითხზე ღია წერილით დაფიქსირება, ჩემთვის მიუღებელი ფორმაა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ დეპუტატი საკუთარ ღია წერილში პრემიერს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიაროს.
მასალის გამოყენების პირობები






