მიხეილ ჯიბუტი: „სად არის თბილისში ჯილეხის სამარხები?! ასეთი ადგილები მონიშნული უნდა იყოს რუკაზე, ვინაიდან, შესაძლოა, გადასცე მიწის ეს ნაკვეთი ადამიანს, მან გათხაროს ფუნდამენტისთვის მიწა და ამოთხაროს ჯილეხი“
პოლიტიკა - 13:13, 05 Dec, 2017     1445

თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტის – რომელიც უკვე არსებული მიწათსარგებლობის გენგეგმის განახლებული ვარიანტია (თუმცა აქამდე გენგეგმას უწოდებდნენ) – დასრულებას ვერა და ვერ დაადგა საშველი. ვერც მის სრულ ვერსიას ვეღირსეთ. ის კვლავ დაუბრუნეს ავტორ „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ ჩასასწორებლად. ხსენებული გემგეგმის პროექტის ფრაგმენტები გამოქვეყნებულია თბილისის მერიის საიტზე, თუმცა სრულ წარმოდგენას მაინც ვერ გვიქმის, სამაგიეროდ, დამატებით კითხვებს აჩენს – რომლებზეც მიხეილ ჯიბუტთან ერთად ვისაუბრებთ.

–„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი ამბობს, რომ მის მიერ შემუშავებული პროექტი არის თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის განახლებული ვარიანტი, სწორედ განახლებაზე გამოცხადდა კონკურსიო, თუმცა არავის უნახავს და, ფაქტობრივად, შეუძლებელია ამ დოკუმენტის მოძიება. თქვენ თუ იცით, რა წერია იმ დოკუმენტში, რომლის განახლებაზეც უმუშავის „სითი ინსტიტუტ საქართველოს“?

–ამ საკითხით ჩემი დაინტერესება გამოიწვია მცირე კაზუსმა: როდესაც ამ წლის ივლის-აგვისტოში დაიწყო თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტექნიკურ უნივერსიტეტში, მეცნიერებათა აკადემიაში, შევეცადე, მენახა, რა იყო თბილისის მიწათსრგებლობის გენერალური გეგმა. წესით, პროექტი. ამის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ასეთი დოკუმენტი წარმოდგენილი არ ყოფილა.

–აბა, რას განიხილავდნენ?

–განიხილავდნენ თბილისის შესახებ სხვადასხვა სამეცნიერო–ანალიტიკურ-შეფასებითი მასალებს. გასაგები რომ იყოს მკითხველისთვის, განვმარტავ, რომ 2015 წელს თბილისის მერიამ კონკურსი გამოაცხადა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული ვარიანტის შექმნაზე, ანუ განახლებაზე. ასეთი გეგმა, ანუ, რაც უნდა განეახლებინათ, არსებობდა 2014 წლის თბილისის მერის მიერ დამტკიცებული გეგმის სახით. 2014 წლის 30 დეკემბერს თბილისის საკრებულომ დაამტკიცა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. შესაბამისად, 2015 წელს გამოცხადდა კონკურსი, რომ მიგვეღო ამ გენგეგმის განახლებული ვარიანტი ახალი რეალობების გათვალისწინებით. ზემონახსენები განხილვებისას განახლებული გენგეგმის პროექტი წარმოდგენილი არ ყოფილა და ითქვა, რომ წარმოდგენილი იქნებოდა შემდეგ ეტაპზე. აი, ეს ეტაპიც დადგა და თბილისის მერიის არქიტექტურის საიტზე დევს მასალა, მაგრამ მთავარი დოკუმენტი – ქალაქ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული ვერსია იქ მოცემული არ არის. მეორე მხრივ, არც 2014 წელს დამტკიცებული თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა იყო ორიგინალური და რატომ: 2009 წლის 5 ივნისს თბილისის საკრებულომ მიიღო დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა და იმის გამო, რომ ის არ შეესაბამებოდა კანონს სივრცითი მოწყობისა და ქალაქმეშენებლობის საფუძვლების შესახებ, საკრებულო იძულებული გახდა, შესაბამისობაში მოეყვანა სახელწოდება. ანუ ის, რაც 2014 წლის 30 დეკემბერს მიიღო საკრებულომ, როგორც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, სინამდვილეში იყო 2009 წელს მიღებული დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა, უბრალოდ მას მხოლოდ სახლწოდება შეუცვალეს. ანუ ძველი დოკუმენტი დაამტკიცეს თავიდან სახელწოდების გამო, თუმცა ცვლილებები შეეძლოთ შეეტანათ მხოლოდ სათაურში. ასეა თუ ისე, ამჯერად უნდა მიგვეღო 2014 წლის 30 დეკემბერს დამტკიცებული თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული ვარიანტი.

ყველასთვის რომ გასაგები გახდეს, რაზე ვლაპარაკობ, მოვიტან ასეთ მაგალითს: 1995 წელს ჩვენ მივიღეთ კონსტიტუცია, მაგრამ მასში შეგვაქვს ცვლილებები და ვამბობთ, ესა და ეს მუხლი იკითხებოდა ასე და ასე, ცვლილებების შედეგად კი წაიკითხება ასე და ასე. ესა და ეს მუხლი გაუქმდა, ამა და ამ მუხლს დაემატა ჩანაწერი და ასე შემდეგ. 2014 წლის 30 დეკემბერს დამტკიცებული თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმა გამოქვეყნებულია „მაცნეში“, 2009 წელს დოკუმენტები არ ქვეყნდებოდა ელექტრონულად „მაცნეში“, გამოიცემოდა მატერიალური სახით. ამდენად, ელემენტარული ლოგიკა მოითხოვს, რომ ავიღოთ 2014 წელს მიღებული დოკუმენტი და მივყვეთ: როგორ შეიცვალა პირველი პუნქტი და ასე შემდეგ. ანუ, როდესაც განახლებაზეა ლაპარაკი, უნდა გქონდეს მოცემული, რა განაახლე. რა ეწერა და რა დაამატე, რა ამოიღე, რა შეცვალე. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა უნდა დაამტკიცოს საკრებულომ?! დოკუმენტი, რომელშიც წერია, რომ ასეთი და ასეთია პარიზის გამოცდილება ან ის, რომ 2030 წლისთვის თბილისის მოსახლეობა გახდება მილიონ-ნახევარი?! მან უნდა დაამტკიცოს გეგმა იმ ფორმით, რაც ზემოთ ვთქვი. ასეთი რამ კი დოკუმენტებში მე ვერ ვიპოვე.

–ვერც მე, თუმცა გულდასმით წავიკითხე.

–ასეთი პროექტი ჩვენ არ ვიცით, ამიტომ არც ის ვიცით, რა უნდა ჩაიბაროს მიმღებმა. თუმცა მე სხვა რამ მაღელვებს. როდესაც ასეთ დოკუმენტს ვერ პოულობ, ჩნდება კითხვა: რატომ დაუკვეთეს განახლება?! თუ შენ არსებულ გენგეგმას ასრულებდი 2009 წლის შემდეგ, 2015 წლამდე, შემდეგ რამ შეგიშალა ხელი?! მიზეზი, ალბათ, ის უნდა ყოფილიყო, რომ 2009 წლის დოკუმენტი არ ეფუძნებოდა ისეთ ძლიერ საფუძველს, როგორიც იყო სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის კანონმდებლობა. ახლა შენ გაქვს ეს კანონი და, შესაბამისად, გენგეგმის განახლებული ვარიანტი უნდა დაფუძნებოდა ამ დოკუმენტს. თავის მხრივ, კანონით განსაზღვრულია, რომ ქალაქმშენებლობის გეგმა თავის მხრივ ორკომპონენტიანია და შედგება მიწათსარგებლობის გენგეგმისა და რეგულირებს გეგმისაგან. ანუ თუ მხოლოდ ერთ კომპონენტს უკვეთავ, ვითარებას ტოვებ დაუსრულებლად. მაშინ ისმის კითხვა: რა ინტერესი გაქვს, რომ განაახლო მხოლოდ ერთი, მიწათსარგებლობის გენგეგმა?!

–თქვენ რა და ვისი ინტერესი დაინახეთ?

–ძალიან ძნელია, ფანტაზია ეყოს ადამიანს და იფიქროს პოზიტივზე, ნეგატივზე კი უამრავი ვერსია მოდის. კანონის მიხედვით, მიწათსარგებლობის გენგეგმა ორი ნაწილისგან შედგება: ერთია ტექსტობრივი ნაწილი, რომელსაც ვეძებთ და ვერ ვპოულობთ და მეორე არის რუკა. ტექსტი განსაზღვრავს იმას, თუ როგორ უნდა წაიკითხო რუკა. ეს რუკა მოცემულია ამ წარმოდგენილ მასალებში, მაგრამ მისი გააზრებაა ძნელი, რადგან არ არის ნორმატიული ტექსტუალური ნაწილი. ის მიმოფანტულია. თავის მხრივ, გენგეგმის შემდგენელი ამბობს: როგორ არ მაქვს განხილული ეს საკითხი, წერია, მაგალითად, მეოთხე ტომში. არადა, რადგან მოცემულია რუკა და ტექსტი არ არის წარმოდგენილი, დასკვნა არის ერთი: დოკუმენტი დასრულებული არ არის. მაგრამ, თუ რუკა კარგადაა შესრულებული, რაღა უდგას წინ მისთვის ტესქტის მიბმას?! ამოიღებ იმ ტომებიდან და მიაწერ.

–საინტერესოა რუკის მასშტაბიც. ფრანგი ექსპერტი ამბობს, რომ გენგემის პროექტის მასშტაბი არ ვარგა არც მიწათსარგებლობის გეგმისთვის, ზედმეტად დიდია და არც გენგეგმისვის – ზედმეტად მცირეაო. „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი კი აცხადებს, რომ მასშტაბი არც მას მოწონს, მაგრამ, რა დავალებაც მიიღო, იმ მასშტაბში შეასრულა სამუშაო. ანუ მერიამ გასცა არაადეკვატური დავალება, გამარჯვებულმა კომპანიამ კი, თუმცა იცოდა, რომ მასშტაბი არ ვარგოდა, მაინც შეასრულა დავალება, ანუ ცუდად შეასრულა საქმე, რაც იმთავითვე იცოდა.

–ჩვენ არ ვართ ამ საქმის სპეციალისტები. ჩვენ ვართ მოქალაქეები, რომლებსაც გვაინტერესებს, რა ხდება ჩვენი ქალაქის თავს. ასეთი გეგმები ცივილურ შემთხვევებში უკვე არის ინტერაქტიული. არ შეიძლება, მე ვარკივოი, რომელი ფერი რუკაზე რას გადაუვლის. დღევანდელი ტექნოლოგია იძლევა საშუალებას, რომ მასშტაბი იცვლებოდეს და, როგორც კი დავაჭერ საინტერესო წერტილს საძიებო სისტემაში ხელს, ყველაფერი უნდა დავინახო. არის კიდევ ერით ნიუანსი: ჩვენ არ გვაქვს რუკის სტანდარტი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სტანდარტს არ იცავენ. ოღონდ უნდა მიუთითო, რომ ამ საკითხი დამუშავებისას მე ვიყენებდი, ვთქვათ, მალაიზიის სტანდარტს. მაგრამ, თუ შენ იყენებ ნიუ იორკის, მოსკოვის, პეკინის ქალაქმშენებლობის სტანდარტების ნარევს და პლუს, როგორც წარმოგიდგენია, ისეთ ფერს იღებ ფონად, ვიღებთ გაუგებრობას, რაც გვაძლევს ინტერპრეტაციის საშუალებას. ამდენად, გვაქვს კითხვა: რა სტანდარტია გამოყენებული?! როდესაც სტანდარტი გაუგებარია, დოკუმენტისადმი ნდობა დაბალია. მიწათსარგებლობის გეგმისთვის 10 000, 20 000-ანი მასშტაბი არის ნორმალური, მაგრამ რეგულირების გეგმისთვის ეს უკვე არასაკმარისია. ქალაქში ათასი და ორი ათასი მეტრის ფარგლებში ბევრი რამ ხდება. მით უფრო, რომ შენ გენგემაში შეიტანე ზონირების საკითხი. როდესაც ეკითხებიან ავტორებს , რატომო, პასუხობენ, ასეთი იყო დავალებაო. საერთოდ, ყველაფერზე აქვთ ეს პასუხი, რომ ასეთი იყო დავალება. მაგრამ არის ერთი კაზუსი: ვინ დაწერა ეს დავალება?!

–როგორც „სიით ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი ამბობს, მერია მისცა მათ დავალება.

–არა, ვინც ასრულებს გენგეგმას, მან დაწერა დავალება.

–ეს როგორ? ანუ იტყუება გენგეგმის ავტორი?

–არა, მაგრამ დავალების პროექტიც დაიწერას მან, ვინც შეადგინა გენგეგმის პროექტი. უბრალოდ მერიამ, ანუ რატომღაც, საკრებულომ დაამტკიცა ეს დავალება. მეორე საკითხია, რომ დავალება ვერ ფარავს კანონს, კანონი უფრო მაღლა დგას. ეს დავალება კი ეწინააღმდეგება კანონს სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ. ამიტომ გენგეგმის რუკაც უნდა ჩასწორდეს კანონის შესაბამისად, რომ კოლიზია არ შეიქმნას და დავალებაც ქმნის კოლიზიას ნორმატიულ აქტებთან. ის, რაც კანონით უნდა იყოს მოცემული რუკაზე, უნდა იყოს მოცემული. ხოლო, რაც არ უნდა იყოს მოცემული, არ უნდა იყოს.

მეტიც, უკვე მომზადებულია კომპლექსური და სრული კანონი და კარგა ხნის წინათაა შეტანილი პარლამენტში, მთავრობის მიერ მოწონებული, რომელიც აწესრიგებს ქალაქმშენებლობასაც და სივრცით მოწყობასაც და მასში გენგემის ცნება არ არსებობს. ანუ, თუ ამ კანონს მიიღებს პარლამენტი, მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმა იმავე მომენტში წინააღმდეგობაში მოვა კანონთან.

–ესე იგი, დიდ საკანონმდებლო გაუგებრობაში აღმოჩნდება თბილისის მერია, თუ ჩაიბარებს „სითი ინსტიტუტი საქართველოს“მიერ მომზადებულ პროექტს?

–რა თქმა უნდა, მიიღებ და მეორე დღეს კანონს დაეჯახება. ამასთან, გვეუბნებიან, რომ მიწათსარგებლობის გენგეგმის საფუძველზე მშენებლობის ნებართვები არ გაიცემაო, მეორე მხრივ კი, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი ამბობს, რომ არ გაიცემა, მაგრამ ზონირება დავადგინეთო, რაც იმას ნიშნავს, რომ შეზღუდეს ზონებში მოქმედებები. აქედან გამომდინარე, მივადექით იმას, რომ არსებული პრაქტიკა არ უქმდება, ის კვლავ დაკავშირებულია სუბიექტურ გადაწყვეტილებებთან და იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ფერს დაასხამენ ამა თუ იმ ზონას. გახსოვთ სკანდალი იმის შესახებ, რომ საკრებულომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებიდან გამომდინარე ნაკვეთს შეუცვალა ზონა. მაგრამ, თუ ნახავთ იმ დღეს საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, აღმოჩნდება, იმ დღეს, 29 სექტემბერს, საკრებულომ 24 ზონას შეუცვალა სტატუსი, მაგრამ ამაზე არავინ არაფერს ამბობს. ჩვენ არ ვარჩევთ იმას, იყო თუ არა მართებული ეს გადაწყვეტილებები, ჩვენ ვლაპარაკობთ საკრებულოს გადაწყვეტილების მასშტაბზე. უფრო მეტიც, არჩევნების შემდეგ ჩატარდა საკრებულოს სხდომა, ოქტომბრის რევოლუციის ას წლისთავზე და 34 ასეთი ცვლილება მიიღეს. ანალიტიკურ დოკუმენტებშია ასახული, რომ 2009 წლიდან 1 600-ზე მეტი ცვლილებაა რუკაზე ზონებთან დაკავშირებით. აი, ამ რეალობას კი არ ცვლის, პირიქით, ძალაში ტოვებს მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტი.

–მიწათსარგებლობის გენგეგმის შემოთავაზებული რუკის მასშტაბით ვერ დგინდება მიწის ნაკვეთების საზღვრები.

–ჩვენ არ შეგვიძლია დავინახოთ რუკაზე, სად რა არის. თანაც, როგორ უნდა განიხილოს საკრებულომ ესა თუ ის საკითხი, როდესაც არ ვიცით, რა ხდება მიწის ქვეშ?!

–მიწისქვეშა კომუნიკაციები საიდუმლოაო და საბოლოო ვარიანტიდან საერთოდ ამოიღეს ეს საკითხი. კრინტს არ ძრავს „მითი ინსტიტუტი საქართველო“ ამ თემაზე.

–უნდა შევისწავლოთო, იძლევა რჩევას; ისევე, როგორც სატრანსპორტო კომუნიკაციების შესწავლის რეკომენდაციას გასცემენ. ამასთან, მოცემულია რუკები, რომლებზეც რუსული წარწერებია.

–ალბათ, ინტერნეტიდანაა აღებული.

–ან ამიერკავკასიის სამხედრო შტაბის ძველი რუკებია. ვერ გაიგებ ზუსტად. ერთი სიტყვით, არასპეციალისტის შეუიარაღებელი თვალისთვის კი იმდენი გაუგებრობაა, რომ რჩება შთაბეჭდილება: ყველაფერი ეს ემსახურება იმ პრაქტიკის დაკანონებას, რაც აქამდე იყო.

ჩემი აზრით, გამოსავალი არის ის, რომ პარლამენტმა სასწრაფოდ მიიღოს ჩემ მიერ ზემოთ ნახსენები კანონი და ამის პარალელურად, კანონიდან გამომდინარე, უნდა შეიქმნას ქალაქთმშენებლობის რეგულირების ორდონიანი, სრულფასოვანი გეგმა. ამავე ნაშრომში, ანუ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მასალებში ნათქვამია, რომ რეგულირების გეგმის შემუშავება გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე მიწათსარგებლობის გენგეგმა. ანუ ისევ ფულთან მივდივართ. ამასთან, რეგულირების გეგმა უნდა დაეფუძნოს მიწათსარგებლობის გენგეგმას. ძალიან ბევრი შეკითხვა და შენიშვნაა საიმისოდ, რომ ეს დოკუმენტი ჩავთვალოთ მისაღებად. თანაც, შენიშვნების გათვალისწინებისას აქცენტი გაკეთებულია ფრანგი ექსპერტის შენიშვნებზე, მაგრამ ქართველმა ექსპრტებმაც ხომ გამოთქვეს შენიშვნები?! ასევე, სახელმწიფო უწყებებმაც?! გენგემის ჯგუფი ლაპარაკობს იმაზეც, რომ ფრანგმა ექსპერტმა რაღაც ვერ დაინახა.

–არ მიაწოდეს დოკუმენტები და რუკებიო, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორის ვერსიით.

–თუ საჯაროა ეს დოკუმენტი, მიწოდება რად უნდოდა?! მე რომ ვარ ჩამოსული თბილისში და არ ვარ სპეციალისტი, მაგრამ მაინტერესებს, რა ხდება ქალაქის თავს, როგორ უნდა გავიგო?! არათუ სამოქალაქო სექტორის მოსაზრებები გაითვალისწინეს, სპეციაისტების შენიშვნებიც კი არ იღეს ყურთ. მათ კანონის მოთხოვნისამებრ, უნდა გვაჩვენონ პროექტის ტექსტი და რუკა, თან, ისეთი რუკა, როგორსაც ავალებს კანონი.

–საკრებულომ უნდა დაამტკიცოს მიწათსარგებლობის გენგემის პროექტი, რომ ის იქცეს დოკუმენტად. ფიქრობთ, საკრებულოს წევრები ამ ათასზე მეტ გვერდს წაიკითხავენ და რუკას დაამუშავებენ?

–ვერავინ გააკეთებს ამას. ვერც ისინი და ვერც მე და თქვენ. ეს არ არის ერთი და ორი ადამიანის შესაფასებელი საკითხი. ეს კომპლექსური საკითხია, უნდა დასხდეს ადამიანთა დიდი ჯგუფი და განიხილოს მისი ნაწილები. ამის შემდეგ საკრებულოს დეპუტატებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ დაწურულ დოკუმენტს, განმარტებით ბარათს და სრულყოფილ რუკას და ამა თუ იმ უწყების ნდობიდან გამომდინარე, მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება. მაგრამ დოკუმენტის გარეშე როგორ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ან ათასგვერდიანი ნაშრობის მიხედვით, არ ვიცი. ამ ფორმით ამის დამტკიცება შეუძლებელია, იმიტომ რომ არ არსებობს პროექტი, რომელიც უნდა დაამტკიცონ. არანაირი დოკუმენტი არ გვაქვს, გვაქვს ფრაგმენტები, მათ შორის, რუკის ფრაგმენტები და წარმოდგენა არ გვაქვს, რატომაა ესა თუ ის ფერი მასზე დატანილი. იმიტომ რომ არ გაგვაჩნია რუკის სტანდარტი. არც დოკუმენტში მოცემული მსჯელობებიდან გამომდინარე დასკვნა. ამდენი რომ წერეს ათასზე მეტ გვერდზე, რა დასკვნა გამოიტანეს?!

გეგმა ისეთ დონეზე უნდა იყოს შესრულებული, რომ იქ დატანილი იყოს თვალისთვის უხილავი საკითხებიც, რომ შემდეგ ამის საფუძველზე შედგეს რეგულირების გეგმა. მარტივ მაგალითს მოგიტანთ: სად არის თბილისში ჯილეხის სამარხები?! ასეთი ადგილები მონიშნული უნდა იყოს რუკაზე, ვინაიდან, შესაძლოა, ზონა ვარგისი იყოს მშენებლობისთვის, არც ეკოლოგიას აზიანებდეს, მაგრამ გადასცე მიწის ეს ნაკვეთი ადამიანს, მან გათხაროს ფუნდამენტისთვის მიწა და ამოთხაროს ჯილეხი, იმიტომ რომ შენ ეს რუკაზე არ დაიტანე. ან მეორე – გაქვს სასაფლაო, სადაც კრძალავდნენ უჭირისუფლო ადამიანებს, მაგალითად, გერმანელ ტყვეთა სამარხი. შენ ამბობ, რომ აქა და აქ უნდა გავიდეს მეტროპოლიტენის ხაზი, იქნებ იმ ადგილას გადის მთავარი კოლექტორი ან გაზსადენი?! როგორ გაგყავს?! ასე მარტივად ხომ არ არის საქმე?! აშკარად ჩანს, რა პრობლემები აქვს გენგეგმის პროექტს, იმაზე მეტი კონკრეტიკა უნდა ჩაიდოს, ვიდრე არის. ჩვენი დედაქალაქი თვითმკვლელობის მდგომარეობაშია, ეკონომიკური კრიზისია. რომ არა ცენტრალური ბიუჯეტის დოტაცია, თბილისი თავს ვერ ირჩენს. რა კონცეფციაზეა ლაპარაკი, როდესაც 6 მილიონი კვადრატულ მეტრზე მეტი მიწის ფართობია გაცემულია მშენებლობისთვის?! რადგან გაცემულია, ვერ შევეხებითო. თუ სახიფათოა იქ მშენებლობა, როგორ ვერ შეეხები?! ადამიანს სიკვდილი რომ ჰქონდეს მისჯილი და ბოლო წუთს გამოჩნდეს მტკიცებულება, რომელიც მის უდანაშაულობას ამტკიცებს, მაინც მოვკლათ?! და მთავარი კითხვა: ასე უცნაურად იმიტომ ხომ არ არის გადაღებილი რუკა, რომ დაკანონდეს ის გადახრები, რაც ზონების შეცვლის დროს დაიშვა?!

ნანა მდივანი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42