როგორც შაშკინმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას განაცხადა, სკოლებში განადგურებულია მანდატურის სამსახური, ისინი დაქვემდებარებული არიან სკოლის დირექტორებს და ამგვარ ფაქტს ისინი, სამწუხაროდ, არ ახმაურებენ ხოლმე.
„სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს, ეს არის უდიდესი ტრაგედია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დაჭრილი ბავშვი გადარჩება. ეს ძალიან აღმაშფოთებელი ფაქტი, სამწუხაროდ, არ მომხდარა ცარიელ ადგილას. რამდენიმე წელია ვსაუბრობ, რომ მანდატურების სამსახური არის განადგურებული, რომელიც იყო ჩვენს მიერ გატარებული ერთ-ერთი წარმატებული რეფორმა. მანდატურებს დარჩა მხოლოდ სახელი, რომელიც გადაიყვანეს სკოლის დირექტორის დაქვემდებარებაში და მოხდა ამ რეფორმის დეგრადაცია. იმიტომ, რომ დაეფარათ პრობლემები და არ გამოეტანათ ეს სააშკარაოზე, ბევრი მიზეზის გამო, ისევე, როგორც უმრავლეს შემთხვევაში ოჯახის წევრები ცდილობენ დაფარონ საზოგადოების წინაშე ოჯახური ძალადობის ფაქტები. ზუსტად ამიტომ, მანდატურები დავაქვემდებარეთ სამინისტროს. ახლა ყველაფერი შეცვალეს. შეწყდა ყველანაირი პრევენციული ქმედებები და ის, რაც მოხდა სახელმწიფოში ძალადობის ატმოსფეროს შედეგია. სახელმწიფო ძალიან ტოლერანტულად უყურებს დანაშაულს. მე ვარ განათლებით იურისტი და შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი დანაშაულს წინ უძვის ძალიან ბევრი სხვა უფრო მცირე კანონდარღვევა, რომელიც საბოლო ჯამში გვირგვინდება ასეთი ამაზრზენი ფაქტით. სკოლებში, მანდატურის რესურსი ამოწურულია. ისინი სიტუაციას ვერ აკონტროლებენ. ჩვენმა მანდატურებმა აქამდე კბილებით გაათრიეს სიტუაცია, მაგრამ როდესაც განადგურებულია ეს ინსტიტუტი, უკვე ამას ისინი ვეღარ უმკლავდებიან“- განაცხადა შაშკინმა.
განათლების ყოფილი მინისტრის თქმით, სკოლებში უფროსკლასელები ცივ იარაღს მუდმივად ატარებენ, აგროვებენ „ობშიაკს“ და ციხეებში პატიმრებს უგზავნიან.
„სკოლებში უკვე შემოვიდნენ ე.წ. მაყურებლების სტატუსით უფორსკლასელები. სკოლებში შემოვიდა ცივი იარაღის ტარება, რომლითაც ხდება ძალადობა. ეს, ბუნებრივია, განათლების სამინისტროს და მანდატურების ბრალია. თუ საზოგადოება აზრზე არ მოვა, სამწუხაროდ, ასეთ ძალადობას ჩვენ ვერ გავაჩერებთ, რადგან ეს არ არის პირველი ფაქტი. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ხდება „ობშიაკს“ მოგროვება და პატიმრებთან გაგზავნა და ხდება კულტივაცია ქურდული მენტალიტეტის. ეს არის ამაზრზენი და არ შეიძლება ამაზე საზოგადოებამ დახუჭოს თვალები“ - განაცხადა განათლების ყოფილმა მინისტრმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






